ძიუდო

21:40 | 8.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხუთი სპორტსმენით ასტანაში

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 10-12 ოქტომბერს ყაზახეთში გასამართ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე – ასტანას გრან პრიზე ხუთი სპორტსმენით გამოვა. ირაკლი უზნაძის გუნდისთვის ეს პირველი შეჯიბრება იქნება აგვისტოს ბოლოს ჩელიაბინსკში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ. სპეციალისტმა ნაკრების გამოცდილ წევრთაგან განაცხადში მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) შეიყვანა. მათ გარდა, მამაკაცთა ტურნირზე ქართული დროშის ქვეშ ამბაკო ავალიანი (81 კგ) და ვახტანგ ოქრუაშვილიც (+100 კგ) იჭიდავებენ. ქალთა გუნდის სახელით კი საქმეში ესტერ სტამი (70 კგ) ჩაერთვება.

ამბაკო ავალიანი 3-4 წლის წინ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო. 2011 წელს თბილისის მსოფლიოს თასის ჩემპიონიც გახდა, მაგრამ ბოლო სეზონებში აქტიურ სპორტს ჩამოშორდა და ვარჯიში მხოლოდ ახლახან განაახლა. ყაზახურ ტურნირზე კი საკუთარი ხარჯით გაემგზავრა. რაც შეეხება ვახტანგ ოქრუაშვილს – ადამის ძმა შარშან აზერბაიჯანის ნაკრებში, ბიტიევის გვარით გამოდიოდა.

ქართველი ძიუდოისტები ასტანის გრან პრიზე მეორე-მესამე დღეს იჭიდავებენ. შავდათუაშვილი და ავალიანი კიმონოს 11 ოქტომბერს მოირგებენ. სტამი და ძმები ოქრუაშვილები კი 12-ში გავლენ ტატამზე.

საქართველოს ნაკრები

73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი

81 კგ – ამბაკო ავალიანი

+100 კგ – ადამ და ვახტანგ ოქრუაშვილები

70 კგ – ესტერ სტამი

ვასილ მშვილდაძე

0.114527