სახელოვანი ბრიტანელი სპრინტერი მარკ კავენდიში ტურ დ ფრანსზე არ იასპარეზებს. გუნდმა „ქვიკ-სტეპმა“ ის სარეზერვო როლში განამწესა, რაც იმას ნიშნავს, რომ კავენდიშს, ტურის ეტაპებზე გამარჯვებების რიცხვით, ლეგენდარული ბელგიელის, ედი მერქსის ჩამოტოვების შესაძლებლობა არ მიეცემა.
კავენდიშმა გასულ სეზონში შეძლო ტურზე დაბრუნება, სადაც 2018 წლის შემდეგ არ ეასპარეზა. მაშინაც რეზერვში იყო, მაგრამ რბოლის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, თანგუნდლი შეცვალა. და... ოთხი ეტაპი მოიგო, რითაც კარიერაში 34 მოგება დააგროვა და ამით, მერქსს გაუტოლდა.
რაოდენობრივი გათანაბრების მიუხედავად, მერქსის გამარჯვებები მაინც უფრო მეტს ნიშნავს, რადგან „კანიბალი“ ყველა ტიპის (სპრინტს, დროზე რბოლას, სამთო ეტაპებს) რბოლას იგებდა, 37 წლის კავენდიში კი სპტინტებზეა სპეციალიზებული.
„ქვიკ-სტეპმა“ გამოცდილ ბრიტანელს, ჰოლანდიელი ფაბიო იაკობსენი ამჯობინა, ვისაც შარშანდლ ვუელტაზე ხუთი ეტაპი აქვს მოგებული, მიმდინარე სეზონში კი 10 რბოლა მოიგო. იაკობსენი საფრანგეთის ველომარათონზე პირველად იასპარეზებს.
ქვიკ-სტეპმა“ შემადგენლობაში არც ფრანგი ჟულიან ალაფილიპი შეიყვანა, რომელმაც 24 აპრილს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ფორმაში შესვლა ვერ მოასწრო. არადა, ალაფილიპს ბოლო სამ სეზონში, ტურის ლიდერის ყვითელი მაისური, ჯამში 18 ეტაპის განმავალობაში ეცვა. ინციდენტი მას ლიეჟი-ბასტონი-ლიეჟის კლასიკური რბოლისას შეემთხვა და მასში მხრის და ორი ნეკნის მოტეხილობა მიიღო.