ფეხბურთი

1:13 | 29.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთის ჩემპიონი გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერზე მუშაობს

კიევის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი სავარაუდოდ, კარიერას პოზნანის „ლეხში“ გააგრძელებს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

meczyki.pl-ს ცნობით, „ლეხი“ გიორგისთან მოლაპარაკებებს რამდენიმე დღეა აწარმოებს და შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. „ლეხის“ გარდა, ინტერესს „ზაგლებიეც“ იჩენდა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა არჩევანი პოზნანელებზე გააკეთა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ "ლეხში" ნიკა კვეკვესკირი თამაშობს და გასულ სეზონში პოლონეთის ჩემპიონი გახდა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი "ყარაბაღს" დაუპირისპირდება.

წიტაიშვილი პოლონეთის მოქმედ ჩემპიონს ერთწლიანი იჯარით შეუერთდება და მისი ხელფასიც ცნობილია - წელიწადში დაახლოებით 350 ათასი ევრო. ისიც უნდა ითქვას, რომ გიორგის კიევის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ ფიფას გამონაკლისი წესებით, კლუბის დატოვება შეუძლია, რადგან უკრაინიდან წასვლა ფეხბურთელებს 2023 წლის ზაფხულამდე ნებაყოფლობით შეუძლიათ. 21 წლის შემტევი ნახევარმცველი ამჟამად შვეიცარიაში „დინამოსთან“ ერთად წინასასეზონო შეკრებაზეა და ერთ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობაც მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილმა გასული სეზონი იჯარით ჯერ „ჩერნომორეცში“ და შემდეგ კრაკოვის „ვისლაში“ გაატარა, რომლის მაისურით 7 მატჩში თავი 1 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა. გიორგის საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 10 მატჩში 2 საგოლე პასი აქვს მითვლილი.

0.107964