საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ნაკრებმა რიგაში გაფრენამდე თბილისში ბოლო ვარჯიში გამართა, რომლის დასრულების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და კალათბურთელებმა კომენტარი გააკეთეს.
ილიას ზუროსი: „თბილისში ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ, სხვადასხვა კომბინაციები დავამუშავეთ და ვიცით, მეტოქეს რა ტაქტიკა უნდა დავუპირისპიროთ. უკრაინას საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს და მოსაგებად დიდი ბრძოლა დაგვჭირდება. მოთამაშეები მზად არიან და მორიგი გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ“.
თორნიკე შენგელია: „იქიდან გამომდინარე, რომ პირველი თამაში ჩვენთან წააგეს, ალბათ რევანშიც აღება უნდათ. NBA-დან რამდენიმე მოთამაშე დაიმატეს, ლატვიელი მწვრთნელი ჰყავთ და ალბათ გულშემატკივარიც მივა მათ მხარდასაჭერად, ასე რომ, ძალიან საინტერესო თამაში გველოდება“.
გოგა ბითაძე: „ძალიან კარგი განწყობა გვაქვს, რაც მთავარია, ყველა ჯანმრთელადაა. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს, რადგან შეგვიძლია ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდეთ“.
დუდა სანაძე: „ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება უკრაინასთან, შეიძლება ითქვას, ამ ჯგუფის ფინალია ეს თამაში, ვინც მოიგებს, დიდი უპირატესობა ექნება მეორე ჯგუფურ ეტაპზე, ამიტომ თამაშს ძალიან სერიოზულად ვუდგებით“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს შესარჩევი ეტაპის მეორე ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, მაგრამ დარჩენილი ორი მატჩის შედეგს მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მეორე ჯგუფურ ეტაპზე ქულები გადადის. საქართველო 1 ივლისს რიგაში უკრაინას ესტუმრება და 4 ივლისს, თბილისში ესპანეთს უმასპინძლებს.