ფეხბურთი

17:03 | 25.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულიდან" მანე წავიდა, ახლა შეიძლება სალაჰიც წავიდეს: ეგვიპტელს "რეალი" იწვევს

სადიო მანეს შემდეგ „ლივერპული“ შესაძლოა მოჰამედ სალაჰმაც დატოვოს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იტყობინება. The Sun-ის ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ეგვიპტელი თავდამსხმელის შეძენით პირადადაა დაინტერესებული და მზადაა „ლივერპულს“ 70 მილიონი ევრო გადაუხადოს.

აღსანიშნავია, რომ სალაჰი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რომელიც 2023 წელს იწურება, უარს ამბობს, შესაბამისად, მომდევნო ზაფხულს შეიძლება ინგლისელებმა ის უფასოდ დაკარგონ. ამიტომ, ეს გარემოება ზრდის იმის შანსს, რომ „წითლებმა“ „რეალის“ 70-მილიონიანი შეთავაზება მიიღონ.

სალაჰი „ლივერპულში“ სეზონში 13 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მაგრამ 20 მილიონ ევროს ითხოვს. მადრიდში 30 წლის აფრიკელი ვარსკვლავის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წლიდან თამაშობს და 254 შეხვედრაში 156 გოლი გაიტანა. ინგლისურმა გრანდმა ცოტა ხნის წინ სადიო მანე „ბაიერნში“ 32 მილიონ ევროდ გაყიდა, თუმცა, შევსებაც მიიღო და „ბენფიკადან“ 100 მილიონ ევროდ დარვინ ნუნიესი შეიძინა.

0.109246