იტალიის დედაქალაქ რომში მატეო პელიცონეს სახელობის ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა.
125 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილი ჩემპიონი გახდა. ქართველმა ფალავანმა გერმანელი გენადი კუდინოვიჩი, ბერძენი აზამატ ხოსონობი, უკრაინელი ოლექსანდრ ხოანივსკი დაამარცხა, ხოლო ფინალში პოლონელ რობერტ ბარანს 6:0 მოუგო და ოქროს მედალს დაეუფლა.
97 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დაეუფლა გივი მაჭარაშვილი, რომელმაც ფინალამდე უნგრელი ვლადისლავ ვიაცაიევი, აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი და გერმანელი სვენ ტილე დაამარცხა, ფინალში კი სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ბატირბეკ ცაკულოვთან წააგო და ვერცხლს დასჯერდა.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ელიზბარ ოდიკაძემ, რომელმაც სწორედ ცაკულოვთან წააგო, რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც წარმატებით იასპარეზა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ რომის ტურნირი სარეიტინგოა და საქართველო ათივე წონით კატეგორიაში იასპარეზებს. მთლიანობაში ძალებს 20 მოჭიდავე მოსინჯავს.