შვიდ ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი, ამერიკელი ქეილებ დრესელი მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა. ამის მიზეზი სამედიცინო პრობლემა გახდა, რომელსაც თავად მოცურავე არ აკონკრეტებს. ამგვარად, ის ვერ შეძლებს 100 მეტრზე თავისუფალ სტილში და ბატერფლაიში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულების დაცვას.
ამ ორი სტილის დისტანციის გარდა, ის ასევე მოქმედი ჩემპიონია 50 მეტრზე თავისუფალ სტილსა და ბატერფლაიში. ამათგან ბატერფლაიში 50 მეტრზე ტიტულის დაცვა, პრობლემის წარმოქმნამდე მოასწრო. გარდა ამისა, 4x100 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტაშიც ოქრო მოიპოვა.
ცურვის მოყვარულები მოუთმენლად ელოდნენ 25 წლის დრესელის დაპირისპირებას რუმინელ ამომავალ ვარსკვლავ დავიდ პოპოვიჩისთან, ვინც 100 მეტრზე თავისუფალ სტილში გამოკვეთილი ფავორიტი იქნება.
„ქეილებთან, მის მწვრთნელებთან და სამედიცინო გუნდთან მოლაპარაკების შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მან აღარ გააგრძელოს მსოფლიო ჩემპიონატში გამოსვლა. ჩვენი პრიორიტეტი არის და ყოველთვის იყო ჩვენი ათლეტების ჯანმრთელობა. და ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ ქეილებს სწრაფად გამოჯანმრთელებაში დავეხმაროთ“, - ნათქვამია აშშ-ის ცურვის ფედერაციის განცხადებაში.