ფეხბურთი

0:57 | 23.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩალჰანოღლუ: "ზლატანს "მილანის" ჩემპიონობაში წვლილი არ შეუტანია, მას ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს"

„ინტერის“ ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ თავის ყოფილ თანაგუნდელს და „მილანის“ ფეხბურთელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს უპასუხა, რომელმაც საჩემპიონო ზეიმის დროს „როსონერის“ ფანების წინაშე თურქ ფეხბურთელს დასცინა.

„გაუგზავნეთ მესიჯი ჰაკანს! ხმა არ მესმის! გაუგზავნეთ მესიჯი ჰაკანს!“, - მიმართა ფანებს იბრაჰიმოვიჩმა „მილანის“ საჩემპიონო ზეიმზე. თურქმა ფეხბურთელმა შვედის ამ საქციელს თურქულ მედიასთან ინტერვიუში უპასუხა:

„ის 40 წლისაა, მე ამას 40 წლის ასაკში არ გავაკეთებდი. ზლატანი 18 წლის არ არის. მას უყვარს ყურადღების მიპყრობა, ახლაც ამით ცხოვრობს. წელს მას ჩემპიონობაში არანაირი წვლილი არ შეუტანია, პრაქტიკულად არასდროს უთამაშია. თუმცა, არ მაინტერესებს. არ არის სამართლიანი ვინმეს მიმართ, ვინც ყოველთვის მირეკავდა, როცა „მილანში“ ვთამაშობდი, რომ ერთად წავსულიყავით სავახშმოდ ან მოტოციკლით სასეირნოდ. ჩემს შესახებ დაწერა თავის წიგნში, მაგრამ ეს სჭირდებოდა, თორემ წიგნი ცარიელი დარჩებოდა. მას არაფერს ვუპასუხებ.

„ინტერში“ გადასვლა? რთული იყო. იგივე ქალაქი, სხვა ფერები. ვიცოდი, რომ იტალიის ჩემპიონ გუნდში მივდიოდი, ეს ჩემი შანსი იყო, მაგრამ სკუდეტო საბოლოოდ ჩემმა ყოფილმა გუნდმა მოიგო და ხალხი ამტკიცებდა, რომ ეს ჩემი ბრალი იყო. დერბი წავაგეთ, რომელშიც ყველაფერი 75-ე წუთიდან შეიცვალა, როცა მე და პერიშიჩი შეგვცვალეს. მწვრთნელს ამ წაგებაში თავისი პასუხისმგებლობა აქვს და ეს მასაც ვუთხარი. შემდეგ თასზე „მილანი“ 3:0 დავამარცხეთ“, - თქვა ჩალჰანოღლუმ.

0.12066