ფეხბურთი

13:35 | 22.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სტიაუას" პრეზიდენტი: "საქართველოს ნაკრების მცველის დამატება გვინდა"
რუმინული ფეხბურთის ფლაგმანში შესაძლოა სოლომონ კვირკველია გადავიდეს

საქართველოს ნაკრების მცველი სოლომონ კვირკველია შესაძლოა ბუქარესტის „სტიაუაში“ გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული გამოცემები ავრცელებენ.

30 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ბუქარესტული კლუბის პრეზიდენტმა ჯიჯი ბეკალიმ დაადასტურა, რომელსაც კონკრეტულად მოთამაშის სახელი არ გაუჟღერებია, მაგრამ დაასახელა კრიტერიუმები, რომელშიც სწორედ კვირკველია ჯდება:

„ბერძენი და ქართველი მცველების დამატება გვინდა. ქართველი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია და სიმაღლეში 1.96 სმ-ია. ცენტრალური მცველები გვჭირდება, რადგან ამ პოზიციაზე დეფიციტი გვაქვს, ძნელია ჩემპიონატის მოგება თუ ცენტრალური მცველი არ გყავს“, - თქვა ბეკალიმ რუმინულ ტელეკომპანია Pro Arena-სთან ინტერვიუში.

კვირკველია სიმაღლეში სწორედ 1.96 სმ-ია და ამჟამად „გაგრაში“ თამაშობს, რომელთანაც კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია. ქართველ ფეხბურთელს ყაზანის „რუბინში“, „ნეფტეხიმიკში“, მოსკოვის „ლოკომოტივში“, „როტორსა“ და „მეტალისტ 1925“-ში აქვს ნათამაშები, საქართველოს ნაკრების რიგებში კი 46-ჯერ უთამაშია.

ბუქარესტის „სტიაუა“ კონფერენს ლიგაზე თამაშობს, სადაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება ასპარეზობაში და შესაძლოა „საბურთალოს“ შეხვდეს. რუმინული გუნდის მეტოქე სწორედ „საბურთალოსა“ და ტირანას „პარტიზანის“ წყვილში გამარჯვებული იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136941