ტურინელი ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “იუვენტუსი” გუნდის ჩილელ ნახევარმცველთან, არტურო ვიდალთან გამოსამშვიდობებლად მზადაა.
მთელი გასული ზაფხულის განმავლობაში, ვიდალის “იუვენტუსიდან” შესაძლო წასვლის შესახებ ხმების გავრცელება არ წყდებოდა. 27 წლის ნახევარმცველი ტურინში დარჩა, მაგრამ არაა გამორიცხული, მან სხვა გუნდს მაინც მიაშუროს.
ვიდალმა, რამდენიმე დღის წინათ, ვარჯიშზე დაიგვიანა. ამის გამო, კლუბმა ის 100 ათასი ევროთი დააჯარიმა, ხოლო მასიმილიანო ალეგრიმ ფეხბურთელი “რომასთან” გამართული თამაშის სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვა. Tuttosport-ის ცნობით, “ბებერი ქალბატონის” წარმომადგენლები ვიდალს ესაუბრნენ და გააფრთხილეს, რომ იგივეს განმეორების შემთხვევაში, “იუვენტუსში” მისი ადგილი არ იქნებოდა. იგივე წყაროს ინფორმაციით, ტურინელები სამხრეთ ამერიკელი შუახაზელის გაყიდვაზე უკვე ფიქრობენ და მას 45 მილიონ ევროდ აფასებენ.