სხვა

2:58 | 21.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

შელი-ენ ფრეიზერ-პრაისმა 100 მეტრზე სეზონის საუკეთესო დრო გაიმეორა

იამაიკელმა სპრინტერმა, 100 მეტრზე სპრინტში, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა შელი-ენ ფრეიზერ-პრაისმა, ბრილიანტის ლიგის პარიზის ტურნირზე, 100 მეტრზე სეზონის საუკეთესო დრო (10.67 წამი) გაიმეორა, რომელიც მასვე ეკუთვნის.

საინტერესოა, ეს ამ დისტანციაზე სეზონში მისი მეორე გამოსვლაა და ორივეჯერ შესანიშნავი დრო აჩვენა. ფრეიზერ-პრაისს თავისი ორი ოლიმპიური ოქროს 2008 და 2012 წლების ოლიმპიადებზე (პეკინსა და ლონდონში) აქვს მოპოვებული. თუმცა შემდეგ თავისივე თანამემამულის, ელეინ თომპსონ-ერას ჩრდილში მოექცა, რომელმაც მომდევნო ორ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა.

პარიზის შემდეგ, ბრილიანტის ლიგას პაუზა ექნება, რათა ქვეყნებმა ეროვნული ჩემპიონატები ჩაატარონ და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ათლეტები შეარჩიონ. მსოფლიო ჩემპიონატი ივლისში, შეერთებული შტატების ქალაქ იუჯინში (შტატი ორეგონი) ჩატარდება.

საინტერესო პაექრობა გაიმართა ქალთა შორის ბადროს ტყორცნაში, სადაც ერთმანეთს ბოლო ორი ოლიმპიური ჩემპიონი - ამერიკელი ვალერი ალმანი და ხორვატი სანდრა პერკოვიჩი დაუპირისპირდა. ალმანმა ბადრო 68.68 მეტრზე გაისროლა და მეტოქეს 49 სანტიმეტრით აჯობა. რამდენიმე დღით ადრე, ოსლოს შეხვედრისას, ამერიკელს პერკოვიჩმა აჯობა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ალმანს შესაბამისი ფეხსაცმელი არ ეცვა, რამაც მის შედეგზე იმოქმედა.

110 მეტრზე თარჯრბენში, ამერიკელმა დევონ ალენმა, ბოლო ექვს დღეში მესამე გამარჯვება მოიპოვა. წინ კვირას მან დისტანცია 12.84 წამში გაირბინა, რაც ყველა დროის მესამე საუკეთესო შედეგია. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ის ამერიკულ ფეხბურთში აპირებს კარიერის გაგრძელებას.

ბოლო სამ სეზონში, ბრილიანტის ლიგაში პირველად იასპარეზა სამხტომში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ამერიკელმა კრისტიან ტეილორმა. ტოკიოს თამაშები მან აქილევსის მყესის ტრავმის მიზეზით გამოტოვა. პარიზული შეხვედრა მან მეშვიდე შედეგით დაასრულა, რითაც კმაყოფილი დარჩა. გამარჯვება კი კუბელმა ჯორდან დიას ფორტუნმა მოიპოვა, ვინც 17.66 მეტრზე გადახტა და 1 სანტიმეტრით აჯობა თანამემამულე ანდი დიასს.

200 მეტრზე სპრინტში მხოლოდ მეოთხე შედეგს დასჯერდა ოლიმპიური ჩემპიონი, კანადელი ანდრე დე გრასე. გამარჯვება კი სამხრეთაფრიკელმა ლუქსოლო ადამსმა (19.82 წამი) მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114383