სხვა

10:29 | 20.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლედეცკიმ მსოფლიო ჩემპიონის მე-16 ოქრო ბუდაპეშტში მოიპოვა

ბუდაპეშტში სტარტი აიღო ცურვაში მსოფლიო ჩემპიონატმა, რომლის პირველივე დღეს, მსოფლიო ჩემპიონის მე-16 ოქროს მედალს, ამერიკელი კეიტი ლედეცკი დაეუფლა. მან 400 მეტრზე თავისუფალ სტილში გაიმარჯვა.

25 წლის ქალ მოცურავეთა შორის, ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანია. სულ მას მსოფლიო ჩემპიონატებზე 19 მედალი აქვს მოპოვებული. მასზე მეტი ოქრო მხოლოდ ორი მამაკაცი თანამემამულის, მაიკლ ფელპსის (26) და რაიან ლოხტეს (18) ანგარიშზეა.

ლედეცკიმ კარგად ისარგებლა იმით, რომ ბუდაპეშტში არ ასპარეზობს ავსტრალიელი არიარნე ტიტმუსი, ვინც მოქმედი ოლიმპიური და ყოფილი მსოფლიო ჩემპიონია. მან 15 წლის კანადელ სამერ მაკინტოშს აჯობა. მესამე ადგილი კი ამერიკელმა ლეა სმიტმა დაიკავა.

„მსოფლიო ჩემპიონატებზე ასეთი სწრაფი არასდროს ვყოფილვარ. მომდევნო შეჯიბრების წინ, საუკეთესო განწყობა შევიქმენი. სამერი უკვე მათ შორისაა, ვინც დისტანციას ოთხ წუთზე ნაკლებში ცურავს. მას ყველაფერი წინ აქვს“, - განაცხადა გამარჯვებულმა, ვინც ფინიშს სამ წუთსა და 58.15 წამში მიაღწია.

ტიტმუსმა ახლახანს, ავსტრალიის ჩემპიონატზე მსოფლიო რეკორდი (3:56.40) დაამყარა და რეკორდსმენის წოდება ლედეცკის ჩამოართვა. მაგრამ რატომღაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარი თქვა, რათა თანამეგობრობის თამაშებისთვის უკეთ მომზადება შეძლოს.

ლედეცკი ნახევარ დისატანციაზე რეკორდული გრაფიკით მიცურავდა, მაგრამ შემდეგ მისი ტემპი დაეცა. მისთვის ეს 400 მეტრზე მსოფლიო ჩემპიონის მეოთხე ტიტულია.

4x100 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტაში, ამერიკელ მამაკაც მოცურავეებს მსოფლიო რეკორდის შანსი ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ, 1.1 წამი არ ეყოთ, თუმცა ოქროს მედლებს დაეუფლნენ. ჩემპიონთა კვარტეტის წევრები არიან ქეილებ დრესელი, რაიან ჰელდი, ჯასტინ რესი და ბრუკს ქარი. მათ უკან მოიტოვეს ავსტრალიელები. მესამე ადგილი კი იტალიამ დაიკავა.

იმავე ესტაფეტაში, ოღონდ ქალთა შორის, ავსტრალიამ გაიმარჯვა. ოლიმპიურმა ჩემპიონებმა უკან მოიტოვეს კანადური და ამერიკული ოთხეულები. გამრჯვებულთა შორის არიან მოლი ო’კალაგანი, მედისონ უილსონი, მეგ ჰარისი და შეინა ჯეკი.

მამაკაცთა ორის 400 მეტრზე თავისუფალ სტილში, გამარჯვება ავსტრალიელმა ელაიჯა უინინგტონმა მოიპოვა, ვისთვისაც ეს მსოფლიო ჩემპიონის პირველი ინდივიდუალური ტიტულია. მან უკან მოიტოვა გერმანელი ლუკას მარტენსი. მესამეზე კი ბრაზილიელი გილერმე კოშტა გავიდა.

400 მეტრზე მამაკაცთა შორის ინდივიდუალურ შერეულ სტილში, გამარჯვება ფრანგმა ლეონ მარშანმა მოიპოვა, ვინც ამერიკელებს, კარსონ ფოსტერს და ჩეიზ კალიშს მოუგო. მისთვისაც ეს მსოფლიო ჩემპიონის პირველი ტიტულია.

ჩემპიონატის მეორე დღეს, მსოფლიო რეკორდთან ახლოს იყო 19 წლის ამერიკელი ტორი ჰასკე და მართალია, მისი გაუმჯობესება ვერ შეძლო, ქალთა შორის 100 მეტრზე ბატერფლაიში გამარჯვება მაინც მოიპოვა. დისტანციის ნახევრის შემდეგ, ის რეკორდულ გრაფიკში იყო, მაგრამ საბოლოოდ, მიზნამდე 0.16 წამი დააკლდა. ჰასკესთვის ეს ბუდაპეშტში მოპოვებული მეორე ოქროა (პირველი 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტაში მოიგო).

შვიდგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ამერიკელმა ქეილებ დრესელმაც მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. ამჯერად ის საუკეთესო 50 მეტრზე ბატერფლაიში იყო (პირველს400 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტაში დაეუფლა). მან კარგი სტარტი აიღო და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. ვერცხლი ბრაზილიელ ნიკოლას სანტუშს ერგო, რომელსაც 0.1 წამით ჩამორჩა ამერიკელი მაიკლ ენდრიუ.

42 წლის სანტუში, ცურვის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი მოცურავეა, ვინც მედლის მოპოვება, 40 წლის შესრულების შემდეგ შეძლო.

ამერიკის დროშით კიდევ ერთ ოქროს ალექს უოლში დაეუფლა. მან ქალთა შორის ინდივიდუალურ შერეულ სტილში გაიმარჯვა. ოიმპიური ვერცხლის მფლობელმა უკან მოიტოვა ავსტრალიელი კეილი მაკკიოუნი. მესამე ადგილი კი ამერიკელმა ლეა ჰეიესმა დაიკავა. მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა ადგილობრივი ფავორიტი, 33 წლის კატინკა ჰოშუ, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატებზე 15 მედალი აქვს მოპოვებული.

იტალიელმა ნიკოლო მარტინენიმ 100 მეტრზე ბრასში მოიპოვა ოქრო. ის პირველი იტალიუელია, ვინც ამ ბრასში დისტანციაზე გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

0.161131