ჩოგბურთი

2:07 | 20.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰურკაჩმა ჰალეს ტურნირი მოიგო

პოლონელმა ჰუბერტ ჰურკაჩმა ჰალეს ტურნირის ფინალში 6-1 6-4 დაამარცხა რუსი დანიილ მედვედევი, ვინც ახლახანს მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა. მსოფლიოს მე-12 ჩოგანმა მედვედევი უიმბლდონის შარშანდელ ტურნირზეც დაამარცხა, შემდეგ ზედ როჯერ ფედერერი მიყოლა და ნახევარფინალში გავიდა.

25 წლის ჰურკაჩისთვის ჰალეს ტიტული მეხუთეა ATP-ს ტურზე. მედვედევთან შეხვედრა მან საათზე ოდნავ მეტში დაასრულა. პოლონელმა შეხვედრას წერტილი მეორე მატჩ პოინტის გამოყენებით დაუსვა.

„ძალიან გახარებული ვარ. ამ სეზონში პირველი ტიტულის მოგება ცოტა გამიჭიანურდა. და მიხარია, რომ ეს ბალახის კორტზე მოხდა. დანიილი მსოფლიოს პირველი ჩოგანია და მასთან თამაში რთულია. თავიდან ყველაფერი კარგად წავიდა და შემდეგ ისღა დამრჩენოდა, უპირატესობა შემენარჩუნებინა“, - განაცხადა ჰურკაჩმა.

მედვედევმა ზედიზედ მეხუთე ფინალური შეხვედრა წააგო მას შემდეგ, რაც შარშან აშშ-ის ღია პირველობის ფინალში, ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა და დიდი სლემის პირველი ტიტული მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ფინალამდე მედვედევს ერთი სეტიც არ ჰქონდა წაგებული და 23 ბრეიკ პოინტიდან 22 გააბათილა. მაგრამ ფინალში მას მოწოდება არ გამოსდიოდა, რითაც ჰურკაჩმა კარგად ისარგებლა და 5-0 დაწინაურდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო რუსმა თავისი მოწოდების შენარჩუნება, მაგრამ უკვე გვიან იყო.

პოლონელმა მეორე სეტის დასაწყისშიც მიაღწია ბრეიკს. ის ხაზიდანაც უკეთ თამაშობდა და ბადესთანც. მეშვიდე გეიმში, მედვედევმა ორი ბრეიკ პოინტი მოიგერია და თავისი გეიმი შეინარჩუნა. მაგრამ საპასუხო ბრეიკის აღება ვერ შეძლო.

0.120457