საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ განაცხადა, რომ ევრო 2020-ის შემდეგ კილიან მბაპეს საფრანგეთის ნაკრებში თამაში აღარ სურდა.
მბაპემ ევრო 2020-ის მერვედფინალში შვეიცარიასთან გადამწყვეტი პენალტი გააცუდა, რის გამოც გულშემატკივრებისგან კრიტიკის ობიექტი გახდა. ამიტომაც, ნაკრების დატოვებაზე ფიქრობდა.
„ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მასთან საუბარი მქონდა და დამადანაშაულა, რომ ფედერაცია არ იცავდა მას სოციალურ ქსელებში კრიტიკისგან გაცუდებული პენალტის შემდეგ. შეხვედრა ჩემს კაბინეტში დაახლოებით 5 წუთს გაგრძელდა. კილიანი გაბრაზებული იყო და საფრანგეთის ნაკრებში თამაში აღარ უნდოდა. მბაპე ისეთივე იმედგაცრუებული იყო, როგორც ყველა ჩვენგანი, მას ყოველთვის გამარჯვება სურს. მის გარშემო ყოველთვის დიდი ყურადღებაა, მაგრამ მბაპე შესანიშნავი ბიჭია, ბევრად უფრო კომუნიკაბელური, ვიდრე წარმოგიდგენიათ“, - თქვა ნოელ ლე გრემ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრებში 2017 წლიდან თამაშობს და 57 შეხვედრაში 27 გოლი აქვს გატანილი. მან „მამლებთან“ ერთად 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.