შარლ ლეკლერის და „ფერარის“ პრობლემები გრძელდება. იტალიურმა გუნდმა, ბაქოს რბოლისას დაზიანებული ძრავის შემოწმების შემდეგ, ის ჩამოწერა. გუნდმა განაცხადა, რომ ძრავის აღდგენა შეუძლებელია. მსგავსი პრობლემა ძრავს ესპანთის დიდი პრიზის რბოლის დროსაც შეექმნა.
გუნდის წარმომადგენელი ამბობს, რომ ინჟინრები ახლა იმაზე ფიქრობენ, როგორმე ძრავის გამძლეობა გააუმჯობესონ. სწორედ ძრავი გახდა იმის მიზეზი, რომ ლეკლერმა ბოლო სამიდან, ორი რბოლის დასრულება ვერ შეძლო. არადა, ბოლო ოთხი რბოლა მან პოულ პოზიციიდან დაიწყო.
როგორც ლეკლერი ამბობს, გუნდში ჯერ არ გადაუწყვეტიათ, მის მანქანაზე სრულიად ახალი ძრავი დააყენონ, რასაც სტარტზე ადგილების დაკარგვა მოჰყვება, თუ ძველი აგრეგატი გამოიყენონ.
„რა თქმა უნდა, ჩვენი სიტუაცია საუკეთესო ვერაა. ძრავის შეცვლასთან დაკავშირებით, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა“, - ამბობს ლეკლერი, ვინც ამჟამად ჩემპიონატში მესამე ადგილზეა, მაქს ფერსტაპენის და სერხიო პერესის უკან.
ლეკლერი ამბობს, რომ კანადაში სტარტზე ადგილების დაკარგვა ნაკლებად მტკივნეული იქნება, რადგან მონრეალის ტრასაზე გასწრება რთული არაა. თუმცა ამ მხრივ, შესაძლოა ის ტრასები უკეთესი იყოს, რომლებზეც უახლოესი რბოლები ჩატარდება.
სეზონში ყოველ პილოტზე მხოლოდ სამი ძალური დანადგარია ნებადართული. ლეკლერმა უკვე ორი გამოიყენა. მაგრამ ახალი ძრავის დაყენების შემთხვევაში, ის ტურბო კომპრესორების ლიმიტს მაინც დაარღვევს. მეოთხე ტურბოს გამოყენების შემთხვევაში, სტარტზე 10 ადგილით უკან დადგომა მოუწევს.