ჩოგბურთი

19:47 | 17.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი უიმბლდონზე თამაშს აპირებს

რაფაელ ნადალი ამბობს, რომ ფეხის ტრავმა მოიშუშა და უიმბლდონზე გამოსვლას აპირებს. მიმდინარე სეზონში მან დიდი სლემის ორივე ტურნირი - ავსტრალიის და საფრანგეთის ღია პირველობები მოიგო. ლონდონში კი დიდი სლემის 23-ე ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლის საშუალება ექნება.

ნადალი, ვისაც 36 წელი ახლახანს შეუსრულდა, ამბობს, რომ ტრავმირებულ ფეხზე ტკივილმა გაუარა. ის ორშაბათს ლონდონში გაემგზავრება და ტურნირისთვის მზადებას დაიწყებს.

„გახარებული ვარ, ერთი კვირაა, არ ვკოჭლობ. მკურნალობისას ცვლილებებს ვამჩნევ, მაგრამ უცნაური შეგრძნებები კვლავაც მაქვს, ხანდახან ფეხში შეგრძნება მეკარგება. მაგრამ ტკივილმა, რომელიც წონასწორობის შენარჩუნებაში ხელს მიშლიდა, გამიარა“, - ამბობს ნადალი.

ლონდონში ვარჯიშის გარდა, ესპანელი ჩოგბურთელი საჩვენებელ შეხვედრებს გამართავს. და ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

„მე უიმბლდონზე თამაში მსურს. მაგრამ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, ჩემი სხეული თუ საშუალებას მომცემს. ამას მომდევნო კვირაში გავიგებ. უკვე ერთი კვირაა, ტკივილმა გამიარა. ვვარჯიშობ და მალე გავიგებ, შევძლებ თუ არა თამაშს“, - ყვება ნადალი, ვისაც როლან გაროსზე, ყოველი თამაშის წინ, ტკივილგამაყუჩებლის გამოყენება უწევდა. ის ამბობს, რომ ამის გამეორება აღარ სურს.

ფეხის ტრავმის გამო, ნადალს გასულ სეზონში ხუთი თვე გაუცდა. ტკივილი რომის მასტერსზე გამოსვლისას დაუბრუნდა. მანამდე ექვსი კვირა იმკურნალა, მაგრამ ამან სასურველი შედეგი არ მისცა.

ნადალს უიმბლდონზე 2019 წლის შემდგ არ უთამაშია. მაშინ მან ნახევარფინალს მიაღწია. მომდევნო სეზონში, ტურნირი პანდემიის გამო არ ჩატარდა. შარშან კი ესპანელმა ის ტრავმის მიზეზით გამოტოვა. ბოლოს დიდი სლემის საბალახო ტურნირის ფინალში 11 წლის წინათ გავიდა და ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა. ნადალს უიმბლდონი ორჯერ, 2008 და 2010 წლებში აქვს მოგებული.

0.116678