საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) გამოაცხადა, რომ შეიმუშავებს რეგლამენტის ცვლილებებს, რომელთა მიზანიც, სარბოლო ავტომობილების ხტუნვის ეფექტის (ეგრეთ წოდებულ პორპოსინგის) გაქრობაა. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ბაქოს რბოლის შემდეგ, ლუის ჰამილტონს ზურგის არეში ძლიერი ტკივილები დაეწყო.
ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ფორმულა 1-ის გუნდებს დაუგზავნა ტექნიკური დირექტივა, რომელშიც აღწერილია ის მეთოდები, რომელთა გატარებასაც, პორპოსინგის აღმოსაფხვრელად გეგმავს
პირველ ეტაპზე, FIA-ს ტექნიკური დელეგატები დაიწყებენ იმ აეროდინამიკური ელემენტების დაწვრილებით ინსპექციას, რომლებიც ხტუნვის ეფექტის წარმოქმნას უწყობენ ხელს. ამასთან, ფედერაცია გუნდებს სთავაზობს, მონაწილეობა მიიღონ ამ სამუშაოში და მიღებული შედეგების გაანალიზებაში.
„ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ, FIA-მ გადაწყვიტა, რომ მრბოლთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შექმნილ სიტუაციაში, ჩარევა აუცილებელია. სპორტის სახეობაში, რომლის მონაწილეებიც, 300 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით დაქრიან, ზედმეტ გადაღლას და ტკივილს, ყურადღების გაფანტვა შეუძლია, რასაც შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყვეს“, - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
ახალი რეგლამენტის შესაბამისად, რომელიც ამ სეზონიდან შევიდა ძალაში, სარბოლო მანქანები ჩაჭიდების სოლიდურ ნაწილს, ძირის სპეციფიკური აგებულების წყალობით გამოიმუშავებენ. ამ რეგლამენტით, ნაწილობრივ დაბრუნდა ეგრეთ წოდებული გრაუნდ ეფექტი, რომელზეც ჯერ კიდვ 1980-იანების დასაწყისში თქვეს უარი.
მაგრამ მოხდა ისე, რომ წარმოიქმნა ხტუნვის ეფექტი, რომლის დასაძლევადაც, გუნდებს კომპრომისზე წასვლა უწევთ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მაღალ სიჩქარეზე ხტუნვები, პილოტების ზურგზე და კისერზე დატვირთვას ზრდის, რაც მათს გამოსვლებზე უარყოფითად აისახება. უარესდბა მათი ჯანმრთელობა, რასაც სავალალო შედეგების გამოწვევა შეუძლი. პადოკში უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ პორპოსინგით გამოწვეული მძიმე ინციდენტი დროის ამბავია.
ყველაზე მეტად, პორპოსინგი „მერსედესს“ და „ფერარის“ უქმნის პრობლემებს. სამქიმიანების მანქანის თავისებურება ისაა, რომ მაქსიმალურ ჩაჭიდებას მაშინ გამოიმუშავებს, როდსაც ძირი გზის საფართან ახლოსაა. მაგრამ სწორედ ეს იწვევა პორპოსინგის ძლიერ ეფექტსაც. ამის გამო, ინჟინრებს კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ. მათ შორის, საკიდარის სიხისტის გაზრდა. მაგრამ უარყოფითი მხარე ამასაც აქვს - უსწორმასწორო გზებზე, ეს სხვა ტიპის ხტუნვებს იწვევს, რა დროსაც, გზის საფარს ერთდროულად შეიძლება ორი ბორბალი მოსწყდეს...
რაც შეეხება „რედ ბულს“, მის მანქანას პრობლემა ნაკლებად ეხება. ხარების შეფი კრისტიან ჰორნერი ამბობს, რომ კონკურენტი გუნდბი პრობლემას ამუქებენ, რათა რეგლამენტის მათთვის ხელსაყრელ ცვლილებას მიაღწიონ...