ავტოსპორტი

15:18 | 16.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მელბურნი ავსტრალიის დიდ პრიზს 2035 წლამდე უმასპინძლებს

მელბურნმა ფორმულა 1-თან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც, ეს ქალაქი ავსტრალიის დიდი პრიზის რბოლებს 2035 წლამდე უმასპინძლებს. გარდა ამისა, მომავალ სეზონში, ფ1-ის თანმხლებად, ფორმულა 2-ის და ფორმულა 3-ის რბოლებიც გაიმართება.

მელბურნის ალბერტ პარკის ავტოდრომს, ფორმულა 1-თან მიმდინარე კონტრაქტი 2025 წელს უმთავრდებოდა. ახლახანს ფ1-ის რბოლების ჩატარების სურვილი სიდნეიმაც გამოთქვა. მაგრამ მელბურნმა დიდი პრიზების ცირკის მასპინძლობის უფლება დიდი ხნით შეინარჩუნა.

მელბურნი ფორმულა 1-ის კალენდარში 1996 წლიდან გამოჩნდა, როცა ქალაქი ადელაიდა ჩაანაცვლა. ამგვარად, ხალი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, მელბურნი ფ1-ის მასპინძლობის 40-წლიან ისტორიას დაწერს.

გასულ ორ სეზონში, მელბურნში რბოლები არ გამართულა. ამის მიზეზი, კორონავირუსის პანდემია იყო, რომლის გამო, ქალაქში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა. წელს კი შეზღუდვები მოიხსნა და სამი დღის განმავალობაში, რბოლებს (სამივე პრაქტიკას, კვალიფიკაციას და რბოლას) ჯამში 419 ათასი მაყურებელი დაესწრო.

სანამ მელბურნი პანდემიას ჩაკეტვით ებრძოდა, რბოლამ კალენდარში პირველი ადგილი ბაჰრეინს დაუთმო და სავარაუდოდ, სეზონის გამხსნელი რბოლის სტატუსს ვერ დაიბრუნებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110397