სხვა

1:44 | 16.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვლოდარჩიკი სეზონს გამოტოვებს

უროს ტყორცნაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, პოლონელი ანიტა ვლოდარჩიკი ამბობს, რომ სეზონის ბოლომდე ასპარეზობას ვერ შეძლებს. შესაბამისად, ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვა, რომელიც მალე აშშ-ის ქალაქ იუჯინში ჩატარდება.

ვლოდარჩიკმა ამ თვის დასაწყისში ტრავმა მიიღო, რის გამოც, გაწყვეტილ კუნთზე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.

„რწმენას და ოპტიმიზმს არ დავუტოვებივარ. ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაცია და ბევრი შრომა მომიწევს. მინდა, ყველაფერი ისე გავაკეთო, რომ ისევ საუკეთესოთა შორის ვიყო“, - წერს თავის ტვიტერზე ვლოდარჩიკი, ვინც თავისი მესამე ოლიმპიური ოქრო, ტოკიოს თამაშებზე მოიპოვა.

ის პირველი ქალი მძლეოსანია, ვინც ინდვიდუალურ სახეობაში, ზედიზედ სამჯერ შეძლო ოლიმპიური ოქროს მოპოვება. ვლოდარჩიკს საბედსწერო ტრავმა შეჯიბრის დროს არ მიუღია. მას ავტომობილში მძარცველი შეეჭრა, რომელიც გაძარცვას უპირებდა. სწორედ მისი მოგერიების დროს დაშავდა სახელოვანი ათლეტი.

36 წლის ვლოდარჩიკს, სამი ოლიმპიური ოქროს გარდა, უროს ტყორცნაში მსოფლიო რეკორდიც (82.98 მეტრი) ეკუთვნის, რომელიც 2016 წელს დაამყარა.

0.113128