ჩოგბურთი

2:04 | 15.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსმა უიმბლდონის უაილდქარდი მიიღო

სერენა უილიამსი დიდი სლემის 24-ე ტიტულის მოპოვებას უიმბლდონზე ეცდება. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ის სწორედ ლონდონში ითამაშებს. ტურნირის ორგანიზატორებმა, ამერიკელ ჩოგბურთელს უაილდქარდი მიანიჭეს, რაც მას სარეიტინგო პოზიციის მიუხედავად, უიმბლდონზე თამაშის უფლებას აძლევს.

სერენამ ტურზე ბოლოს სწორედ უიმბლდონზე ითამაშა. ეს შარშან მოხდა და ის ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა. ამის მიზეზი ფეხის ტრავმა გახდა. სერენას მიერ, დიდი სლემის ტურნირებზე მოპოვებული 23 ტიტულიდან, 7 უიმბლდონზე მოდის.

მთელი წლის გაცდენის გამო, 40 წლის სერენა რეიტინგში 1208-ე ადგილამდე დაქვეითდა. ბუნებრივია, უაილდქარდის გარეშე, ის დიდი სლემის საბალახო ტურნირზე გამოსვლას ვერ შეძლებს.

უიმბლდონისთვის მზადების ფარგლებში, სერენა ტუნისელ ონს ჟაბურთან ერთად, ისტბორნის ტურნირზე, წყვილთა ბადეში ითამაშებს. ცნობისათვის, მას დიდი სლემის ტურნირებზე, წყვილებში 14 ტიტული აქვს მოპოვებული.

უილიამსმა თავისი ბოლო დიდი გამარჯვება 2017 წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზე მოიპოვა. მას შემდეგ, დიდი სლემის 24-ე ტიტულის მოპოვებას ცდილობს. თუ ამას შეძლებს, მაშინ ლეგენდარულ ავსტრალიელი მარგარეტ კორტის მიღწევას გაიმეორებს.

სერენას 2017 წელს გოგონა, ოლიმპია შეეძინა და მას შემდეგ, დიდი სლემის ტურნირებზე ფინალს ოთხჯერ მიაღწია, მაგრამ ოთხივეში ისე დამარცხდა, ერთი სეტის მოგებაც ვერ მოახერხა.

უიმბლდონი 27 ივნისს დაიწყება.

0.141074