ფეხბურთი

22:42 | 14.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოში გასამართი ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მონაწილეები გაირკვა

ევროპის 21-წლამდე 2023 წლის ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. ორივე ქვეყანას, როგორც მასპინძელს ისედაც განაღდებული ჰქონდათ ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება.

დანარჩენი 14 მონაწილე კი საკვალიფიკაციო ეტაპიდან უნდა გარკვეულიყო, რომელიც დღეს დასრულდა. შედეგად, გაირკვა კიდევ 10 ნაკრები, რომელიც ფინალურ ეტაპზე გავიდა, ხოლო ბოლო 4 მონაწილე სექტემბერში პლეი-ოფით გაირკვევა.

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ითამაშებენ:

საქართველო, რუმინეთი, ნიდერლანდები, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, ბელგია, ნორვეგია, ესპანეთი, პორტუგალია და შვეიცარია.

ამ 12 ნაკრებიდან საქართველო და რუმინეთი მასპინძლები არიან, ხოლო შვეიცარიამ, როგორც საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო მეორეადგილოსანმა მიიღო ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება. დანარჩენმა ნაკრებებმა კი საკვალიფიკაციო ტურნირის თავიანთ ჯგუფებში პირველი ადგილები დაიკავეს.

რვა მეორეადგილოსანი გავიდა პლეი-ოფში და ესენი არიან: ხორვატია, ჩეხეთი, ირლანდია, ისრაელი, ისლანდია, დანია, სლოვაკეთი და უკრაინა. ეს 8 ნაკრები 21 ივნისს, წილისყრის შედეგად დაწყვილდებიან და 19-27 სექტემბერს, პლეი-ოფში, სახლი-სტუმრად თამაშის პრინციპით 4 გამარჯვებული ფინალურ ეტაპზე გავა.

ევროპის ჩემპიონატი 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისამდე გაიმართება. საქართველოში ოთხი ჯგუფიდან ორი ჯგუფის მატჩები, პლეი-ოფის ნაწილი და ფინალი გაიმართება. მთლიანობაში საქართველოს სამი ქალაქი და 4 სტადიონი უმასპინძლებს ახალგაზრდულ ევროს - თბილისი („დინამო არენა“, „მიხეილ მესხი“), ბათუმი („აჭარაბეთ არენა“) და ქუთაისი („რამაზ შენგელია). ევროპის ჩემპიონატის გახსნითი მატჩი ბუქარესტში გაიმართება, სამაგიეროდ, ფინალს ბათუმი უმასპინძლებს.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. რამაზ სვანაძის გუნდი საკმაოდ ნაყოფიერად ემზადება უმნიშვნელოვანესი ტურნირისთვის და ბოლო 7 მატჩში არ დამარცხებულა (6 მოგება, 1 ფრე). სხვათა შორის, ასაკით მომავალ ევროპის ჩემპიონატზე თამაში ისეთ ფეხბურთელებს შეუძლიათ, რომლებიც უკვე ეროვნული ნაკრების მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ - ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ირაკლი აზაროვი, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მამარდაშვილი.

ზოგადად, ევროპის ჩემპიონატზე 2000 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ფეხბურთელებს აქვთ თამაშის უფლება, ასე რომ, შეიძლება საქართველოში თანამედროვე ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი ვიხილოთ.

0.116972