ფეხბურთი

17:57 | 14.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "როგორც მე ვიცი, კვარაცხელია 1-ელ ივლისს უკვე ნეაპოლში იქნება"

ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა „დინამო ბათუმთან“ ჩემპიონთა ლიგაზე შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც სლოვაკმა სპეციალისტმა კლუბის ვებგვერდთან საუბარში აღნიშნა, ადვილი მატჩები არ ელოდებათ, განსაკუთრებით ბათუმში, სადაც 20 ათასი გულშემატკივარი ელოდებათ.

ვაისმა ასევე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი ინფორმაციით, 1 ივლისს ქართველი ფეხბურთელი უკვე ნეაპოლში იქნება.

„შეიძლება ითქვას, წილისყრის შედეგები გამოვიცანი, რადგან ვამბობდი, რომ „დინამო ბათუმი“ შეგვხვდებოდა. ვფიქრობ, შანსები 50-50%-ზეა. პირველ მატჩს სახლში ვთამაშობთ და კარგად უნდა ვითამაშოთ, რომ ხელსაყრელი უპირატესობა მოვიპოვოთ. სტუმრად იოლი გასეირნება არ გველოდება, „დინამო ბათუმს“ ჩვენნაირი ლამაზი სტადიონი აქვს, სადაც 20 000 გულშემატკივარი მოვა. მათ მწვრთნელს და ფეხბურთელებს კარგად ვიცნობ, ბევრი მათგანი საქართველოს ნაკრებში თამაშობს, 2-3 ლეგიონერიც ჰყავთ. ასევე არის ხვიჩა კვარაცხელია, რომელზეც ამბობენ, რომ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, პირველ ივლისს ნეაპოლში უნდა გამოცხადდეს. „დინამოს“ გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც საქართველოში ჩემი ყოფნის პერიოდში 21-წლამდე ნაკრების თავკაცი იყო. ვნახოთ, რა მოხდება, მათ ვიცნობ, მაგრამ მათაც იციან ჩემი მუშაობის სტილი. რა თქმა უნდა, გვინდა მომდევნო ეტაპზე გასვლა და ვნახოთ, მოედანზე რას ვაჩვენებთ. თუმცა, რთული მატჩები იქნება. საქართველოს ნაკრებიც კარგად თამაშობს და ახლოსაა ერთა ლიგის ჯგუფის მოგებასთან“, - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი 5 ან 6 ივლისს ბრატისლავაში გაიმართება, ხოლო საპასუხო 12 ან 13 ივლისს - ბათუმში. „სლოვანის“ ღირსებას საქართველოს ნაკრები კაპიტანი გურამ კაშია და ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავა იცავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111746