ავტოსპორტი

4:45 | 14.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი კანადის რბოლის გამოტოვებას არ აპირებს

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ აზერბაიჯანის დიდი პრიზის რბოლისას, ზურგის ძლიერი ტკივილის მიუხედავად, კანადის დიდი პრიზის რბოლაში მონაწილეობას მაინც აპირებს.

ბაქოს რბოლის შემდეგ, „მერსედესის“ გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ჰამილტონმა მონრეალში ასპარეზობა ვერ შეძლოს. თავად ჰამილტონმა, ბაქოს რბოლას, მის კარიერაში ურთულესი უწოდა და დაამატა, რომ უსწორმასწორო გზაზე მანქანის ხტომის გამო, სწორ მონაკვეთზე ხშირად კბილები ერთმანეთს ეხეთქებოდა. თუმცა ყოველივეს მიუხედავად, მან რბოლა მეოთხე ადგილზე დაასრულა.

თავის ინსტაგრამზე, სადაც 28.5 მილიონი გამომწერი ჰყავს, მან ფანები იმით დაამშვიდა, რომ თავს უკეთ გრძნობს: „ძალიან რთული დღე იყო და ძილის პრობლემაც მქონდა. მაგრამ გაღვიძებულზე, თავს უკეთ ვგრძნობდი. ზურგი დაჟეჟილი მაქვს და ისევ მტკივა, მაგრამ სერიოზული არაფერია. ეინჯმა (მისი ფიზიოთერაპევტი ენჯელა ქალენი) აკუპუნტურა და ფიზიოთერაპია ჩამიტარა. ახლა გუნდს შევუერთდები და ერთად ვიფიქრებთ გაუმჯობესებაზე. ბრძოლას გავაგრძელებთ. რბოლის გამოტოვებას არ ვაპირებ“.

კანადაში კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 და 2021 წლებში რბოლა არ ჩატარებულა. ჰამილტონს თავის კარიერაში პირველი გამარჯვება სწორედ კანადაში აქვს მოპოვებული (2007 წელს). სულ კი 103 რბოლა მოიგო, მათგან 7 მონრეალში. კანადური დიდი პრიზი ამდენჯერვე აქვს მოგებული მიხაელ შუმახერს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115514