ფეხბურთი

1:21 | 14.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოთხ ტურში ორი ქულა: საფრანგეთის კოშმარული ერთა ლიგა, ყაზახეთი პლეი-ოფთან ახლოსაა

ერთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები მიმდინარე სეზონს ძალიან წარუმატებლად ატარებს და B დივიზიონში დაქვეითება ემუქრება.

დიდიე დეშამის გუნდს კატასტროფული ივნისი გამოუვიდა და 4 მატჩში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა. „მამლებმა“ ჯერ შინ დანიასთან წააგეს, მერე გასვლაზე ხორვატიასთან და ავსტრიასთან ფრეებს გამორჩნენ, ხოლო ამჯერად „სტად დე ფრანსზე“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადეს.

საფრანგეთისა და ხორვატიის მატჩი ბედი ლუკა მოდრიჩმა გადაწყვიტა, რომელმაც მეხუთე წუთზე პენალტი გაიტანა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. ალბათ, ძნელი გასახსენებელია, ბოლოს როდის წააგო საფრანგეთმა ზედიზედ ორი თამაში „სენ დენიზე“, თანაც 10-დღიან ინტერვალში.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში დანიის ნაკრებმა შინ ავსტრია 2:0 დაამარცხა და ჯგუფის ლიდერია. დანიელებს ოთხ ტურში 9 ქულა აქვთ, მეორე ადგილზე მყოფ ხორვატიას 7 ქულა, ავსტრია 4 ქულით მესამეა, ხოლო საფრანგეთი მოუგებლად და 2 ქულით ბოლო ადგილზეა. სხვათა შორის, საფრანგეთის ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი უკვე დაკარგა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წელს მოპოვებულ ერთა ლიგის ჩემპიონის ტიტულს ვეღარ შეინარჩუნებს.

ამრიგად, საფრანგეთს B დივიზიონში დაქვეითება ემუქრება, იმ დივიზიონში, რომელში აღზევებასთან საქართველოს ნაკრები ძალიან ახლოსაა.

აქვე C დივიზიონი ვახსენოთ, რომლის მესამე ჯგუფში ყაზახეთმა სლოვაკეთი 2:1 დაამარცხა და ჯგუფს 10 ქულით ლიდერობს. ყაზახებს პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ ეს პირველი ადგილი, რადგან სლოვაკეთს 4 ქულით უსწრებენ და ორივე თამაში მოუგეს. ჯგუფის აუტსაიდერები აზერბაიჯანი და ბელარუსი არიან. ერთა ლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ასეთი ვითარებაა: საბერძნეთმა უკვე გაინაღდა პირველი ადგილი, მომდევნო ერთა ლიგაზე B დივიზიონში ადგილი და ევრო 2024-ის პლეი-ოფში თამაში. სხვა ჯგუფებს ამ დროისთვის თურქეთი, ყაზახეთი და საქართველო ლიდერობენ. სასწაული თუ არ მოხდა, თურქები და ყაზახები პირველ პოზიციას არ დაკარგავენ, ხოლო საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან თბილისში 0:3-ზე დიდი ანგარიშით არ უნდა წააგოს. თუმცა, აქ სხვა დეტალიცაა, რაც უფრო მეტი ქულით დაიკავებ პირველ ადგილს, პლეი-ოფის ნახევარფინალისთვის უპირატესობას განიჭებს - შინ ჩაატარებ ნახევარფინალურ შეხვედრას. მოკლედ დაველოდოთ, დარჩენილი ორი ტურის მატჩები სამი თვის შემდეგ სექტემბრის მიწურულს გაიმართება.

0.15253