ფეხბურთი

21:23 | 13.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდ. მაკედონიის ნაკრების წევრები: "თბილისში ყველაფერი შესაძლებელია, პირველი ადგილისთვის ვიბრძოლებთ"

ჩრდილოეთ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ გიბრალტარის ნაკრებთან გამარჯვების (4:0) შემდეგ ისაუბრა და საქართველოს ნაკრებთან წაგებაც გაიხსენა.

„საქართველოსთან წაგების გამო გულით ვწუხვართ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ტაიმი გვქონდა, უბრალოდ მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ბიჭებმა დღეს კარგი მიდგომა გამოავლინეს, რაც დასაფასებელია. ვთქვი, რომ ვის წინააღმდეგაც უნდა ვითამაშოთ, ყველა პატივისცემას იმსახურებს. საგოლე მომენტების რეალიზებით კმაყოფილი არ ვარ, ეს პრობლემა გვქონდა საქართველოს ნაკრებთანაც. ზოგადად, ივნისში თამაში ძალიან რთულია, ჩვენ არ ვიყავით ისეთ სათამაშო ტონუსში, როგორც საქართველო, სადაც ჩემპიონატი მიმდინარეობს. სამწუხაროა, რომ ეს თავის დროზე ვერ გავაცნობიერეთ, რადგან ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებთან შეხვედრა შეიძლებოდა სხვანაირად დასრულებულიყო. ახლა, ვნახოთ რა მოხდება ერთა ლიგის ბოლომდე“, - თქვა მილევსკიმ.

მთავარი მწვრთნელის გარდა, გიბრალტართან შეხვედრის შემდეგ კომენტარები ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელებმაც გააკეთეს და თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება შეუძლიათ.

„არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მეტოქე, ყველა მატჩი მნიშვნელოვანია და ჩვენ მოსაგებად გავდივართ მოედანზე, რადგან ჩრდილოეთ მაკედონია ვართ. ქართველების შეცდომის შემდეგ ყველაფერი ჩვენს ხელშია და იქ პირველი ადგილის დასაკავებლად წავალთ“, - თქვა ტოდორ ტოდოროსკიმ.

„ნაკრებში გოლის გატანა ყველაზე კარგი გრძნობაა, მაგრამ ბედნიერი გამარჯვებით ვარ. სანამ მათემატიკური შანსი გვაქვს, გვჯერა, რომ ჯგუფში პირველობა შეგვიძლია. მომავალ ორ მატჩში მაქსიმუმს გავაკეთებთ“, - აღნიშნა ბოიან მიოვსკიმ.

„მომდევნო ორი მატჩისთვის ანალიზი უნდა გავაკეთოთ, კარგად შევისწავლოთ განვლილი ოთხი თამაში, შეცდომები ვიპოვოთ და რაც საქართველოსთან დაგვემართა, იგივე არ დაგვემართოს“, - განაცხადა დარკო ჩურლინოვმა.

„საქართველოსთან მარცხი ცოტა არ იყოს მაწუხებს, მაგრამ მათ ფრე ითამაშეს და თბილისში ყველაფერი შესაძლებელია. ახლა უნდა დავისვენოთ და სექტემბერში მიზნის მიღწევას ვეცდებით“, - ეს ბობან ნიკოლოვის სიტყვებია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ მეოთხე ჯგუფში 10 ქულით პირველი ადგილი უკავია და მომდევნო შეხვედრას 23 სექტემბერს, თბილისში კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან გამართავს, რომელმაც გიბრალტარი იოლად დაამარცხა და 7 ქულით მეორე ადგილზეა. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული არ დამარცხებულია. ეს შესანიშნავი სერია 9 მატჩს ითვლის - 7 მოგება, 2 ფრე.

0.121693