ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირზე ბრწყინვალე სტარტი აიღო და 1/16 ფინალში ATP-ის რეიტინგის მერვე ნომერი, რუსი ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა, რომელიც ტურნირზე მესამე ნომრად იყო განთესილი.
ბასილაშვილმა შესანიშნავი თამაში აჩვენა და მეტოქეს ორ სეტში 7:6 (7:1), 6:4 აჯობა. პირველი სეტი ბასილაშვილმა ცუდად დაიწყო და 0:2 ჩამორჩა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და 5:2 დაწინაურდა. ნიკოლოზს სეტის მოგებამდე ერთადერთი გეიმი აშორებდა, მაგრამ უპირატესობა ხელიდან გაუშვა, ზედიზედ 3 გეიმი დათმო და ანგარიში გათანაბრდა (5:5). საბოლოოდ, საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც ქართველი შეუდარებელი იყო და მეტოქეს 7:1 აჯობა.
მეორე სეტის ბედი კი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც 30 წლის ქართველმა მეხუთე გეიმში მიითვალა, 3:2 დაწინაურდა და საქმე ბოლომდე მიიყვანა - 6:4. შეხვედრა საათსა და 26 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზმა 6 ეისი შეასრულა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო რუსს 10 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მერვედფინალში ოსკარ ოტესა და მიომირ კეჩმანოვიჩს შორის გამარჯვებული იქნება.