„ტოიოტას“ ეკიპაჟმა ნომრით 8, რომელსაც შვეიცარიელი სებასტიან ბუემი, ახალზელანდიელი ბრენდონ ჰარტლი და იაპონელი რიო ჰირაკავა მართავდა, უკან მოიტოვა თანაგუნდელი ეკიპაჟი, ნომრით 7 (ბრიტანელი მაიკ კონვეი, იაპონლი კამუი კობაიაში და არგენტინელი ხოსე მარია ლოპესი) და იაპონურ მარკას ლეგენდარულ ლე მანის 24-საათიან რბოლაში, ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოუპოვა.
„ტოიოტას“ ორივე მანქანამ რბოლა ერთ წრეში დაასრულა. მათ კი ხუთი წრით ჩამორჩა მესამეზე გასული კერძო (არა საქარხნო) გუნდი „გლიკენჰაუსი“ (ავსტრალიელი რაიან ბრისკო, ბრიტანელი რიჩარდ ვესტბრუკი და ფრანგი ფრანკ მაილო).
რბოლას თავიდან N7 ეკიპაჟი ლიდერობდა, მაგრამ დილისთვის მანქანას ჰიბრიდულ აგრეგატზე მცირე პრობლემები შეექმნა, რის გამოც, წინ N8 ეკიპაჟი გავიდა. და აქედან მოყოლებული, მას ლიდერობა არ დაუთმია.
იაპონური კომპანიის მთავარი კონკურენტი „ალპინი“ იყო, რომელმაც LMP1 კლასის ძველი პროტოტიპით იასპარეზა. ფრანგული კომპანია, რომელიც „რენოს“ სპორტული ავტომობილების ბრენდია, გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერი იყო, მაგრამ ტექნკური პრობლემების და ავარიის გამო,ათეულში შესვლაც ვერ მოახერხა.
„ალპინს“ წარუმტებლობით ისარგებლა „გლიკენჰაუსის“ ორმა ეკიპაჟმა, რომლებმაც რბოლა მე-3-4 ადგილებზე დაასრულეს.
LMP2 კლასში გამარჯვება „ჯოტა-ს“ ეკიპაჟმა (მექსიკელი რობერტო გონსალესი, პორტუგალიელი ანტონიუ ფელიქს და კოშტა და ბრიტანელი უილ სტივენსი) მოიპოვა, რომელმაც ამ კლასის ლიდერებს შორის, რბოლის დასაწყისში მომხდარი ავარიით ისარგებლა.