უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის მეორე ჯგუფს ლიდერი შეეცვალა - ესპანეთმა პორტუგალიას გადაასწრო.
პორტუგალიამ სტუმრად შვეიცარიასთან პირველივე წუთზე ჰარის სეფეროვიჩისგან გაუშვა და მერე ვითარება ვეღარ გამოასწორა, ხოლო ესპანეთმა შინ ჩეხეთს თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით მოიგო და გალიდერდა. „ფურია როხას“ ოთხი ტურის თავზე 8 ქულა აქვს, პორტუგალიას 7, ჩეხეთს 4 და შვეიცარიას - 3.
B დივიზიონის მეოთხე ჯგუფს ნორვეგია ლიდერობს, რომელმაც შინ შვედეთს ერლინგ ჰოლანდის დუბლითა და სორლოთის გოლით 3:2 აჯობა. შედეგად, ნორვეგიელებმა 10 ქულას მოუყარეს თავი და 3 ქულით უსწრებენ სერბეთს, რომელმაც სტუმრად სლოვენიასთან 2:2 ითამაშა. თავის მხრივ სლოვენია 2 ქულით აუტსაიდერია, ხოლო შვედეთი 3 ქულით მესამე პოზიციაზეა.
და რა თქმა უნდა C დივიზიონი, სადაც საბერძნეთის ნაკრებმა 4 ტურის თავზე დაასრულა ყველაფერი. ბერძნებმა კოსოვოს 2:0 მოუგეს და უკვე გაინაღდეს პირველი ადგილი, რადგან უახლოეს კონკურენტ კოსოვოს 6 ქულით გაასწრეს და ურთიერთშეხვედრებშიც უპირატესობა აქვთ. ამრიგად, საბერძნეთი ევრო 2024-ის პლეი-ოფშია და მომდევნო ერთა ლიგაზე B დივიზიონში ითამაშებს.