ფეხბურთი

1:37 | 13.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

წიტაიშვილი: "ოთხი მატჩით კმაყოფილი ვართ, მაგრამ დღეს მეტი შეგვეძლო"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ზურიკო დავითაშვილმა, გიორგი წიტაიშვილმა და ბექა მიქელთაძემ ბულგარეთთან მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარები გააკეთეს. როგორც მათ თქვეს, საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეს, მაგრამ მთლიანობაში ოთხ თამაშს დადებითად აფასებენ.

„მეტოქემ ზონები არ გახსნა და ამიტომ გაგვიჭირდა. მომენტები გვქონდა და სამწუხაროა, რომ ვერ გამოვიყენეთ. ძალიან დადებითად ვაფასებ ამ ოთხ თამაშს და იმედი მაქვს, რომ მომდევნო მატჩებს მოვიგებთ და პირველ ადგილს დავიკავებთ“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

„კმაყოფილი ვართ განვლილი ოთხი მატჩით, თუმცა, დღეს მეტი შეგვეძლო. ბულგარეთმა დაცვაში კარგად ითამაშა, ჩვენ კი ბევრი მომენტი გვქონდა და არ გაგვიმართლა. თუმცა, არაუშავს, ერთ-ერთი ყველაზე კარგი შეკრება იყო, ვიგრძენით და გვჯერა, რომ მოგება შეგვიძლია. კიევის „დინამოსთან“ კონტრაქტი მაქვს და ამ მხრივ ცოტა რთული სიტუაციაა, ამიტომ, ჯერ არ ვიცი სად ვითამაშებ, მაგრამ ჯერ დრო მაქვს“, - თქვა წიტაიშვილმა.

„ყოველთვის მზად ვარ, რომ ნაკრებში ჩამოვიდე, არ აქვს მნიშვნელობა ვითამაშებ თუ არა. ნაკრებთან ერთად ყოფნა და მხოლოდ ვარჯიშიც ძალიან დიდი მოტივაციაა. არაჩვეულებრივი მატჩები ჩავატარეთ თუ ოთხივე შეხვედრას შევაჯამებთ და იმედია, რომ ასე გავაგრძელებთ“, - აღნიშნა მიქელთაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ მეოთხე ჯგუფში 10 ქულით პირველი ადგილი უკავია და მომდევნო შეხვედრას 23 სექტემბერს, თბილისში კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან გამართავს, რომელმაც დღეს გიბრალტარი იოლად დაამარცხა და 7 ქულით მეორე ადგილზეა.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული არ დამარცხებულია. ეს შესანიშნავი სერია 9 მატჩს ითვლის - 7 მოგება, 2 ფრე.

0.119705