საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ბულგარეთთან მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნა, საერთო ჯამში ეს საუკეთესო შეკრება იყო და ალბათ, გულშემატკივარი კმაყოფილია.
„მოგება გვინდოდა, რაც ვერ შევძელით. რამდენიმე კარგი მომენტი შევქმენით, სამწუხაროდ ვერ გავიტანეთ. საერთო ჯამში უნდა ვთქვა, რომ ასეთი შეკრება თუ გვქონია არც ვიცი. ოთხ მატჩში 10 ქულა, სამჯერ მშრალად შენახული კარი, 3 ქულა გვაკლია პირველ ადგილამდე და ყველაფერი ჩვენს ხელშია. ძალიან პოზიტიური შეკრება გვქონდა, ალბათ, გულშემატკივარიც კმაყოფილია, მწვრთნელებიც და ფეხბურთელებიც. ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, რომ თამაშის შემდეგ ამდენი გულშემატკივარი დარჩა, ეს დიდი პატივისცემაა და ფეხბურთელები პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, რადგან ამ დღეებში ფანები სულ ჩვენს გვერდით იდგნენ, რაც ძალიან სასიხარულოა. გულშემატკივარი სტადიონზე ბრუნდება. ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა შევძელით, რომ საინტერესო ფეხბურთს ვთამაშობთ, ბევრ გოლს ვიტანთ, დღევანდელ მატჩს თუ არ ჩავთვლით და სასიხარულოა, რომ გულშემატკივარი ბრუნდება“, - თქვა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ მეოთხე ჯგუფში 10 ქულით პირველი ადგილი უკავია და მომდევნო შეხვედრას 23 სექტემბერს, თბილისში კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან გამართავს, რომელმაც დღეს გიბრალტარი იოლად დაამარცხა და 7 ქულით მეორე ადგილზეა.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული არ დამარცხებულია. ეს შესანიშნავი სერია 9 მატჩს ითვლის - 7 მოგება, 2 ფრე.