საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ბულგარეთთან მატჩის წინ ისაუბრა. როგორც მან თქვა, რთული თამაში იქნება, მაგრამ იმედოვნებს, რომ ამ შეკრებას გუნდი 12 ქულით დაასრულებს.
„მინდა ინციდენტს გამოვეხმაურო. ძალიან ცუდი რამ მოხდა და იმედი მაქვს დაშავებული ფეხბურთელი მალე დაუბრუნდება მოედანს. გუნდის სახელით მხარდაჭერას ვუცხადებ ბულგარეთს.
ძალიან მაგარი შეკრება გვაქვს. კარგი ხარისხის ფეხბურთს ვთამაშობთ და ვიცით, რომ ბოლო მატჩი ურთულესი იქნება. რაც მთავარია, ძალებს ვიღდგენთ კიდევ და იმედია, რომ გამარჯვებით და 12 ქულით დავამთავრებთ ამ შეკრებას. სასიამოვნოა ფაქტია, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია. გულშემატკივარი დამატებით მუხტს გაძლევს მოედანზე. ყველა ფეხბურთელის ოცნებაა საკუთარი ქვეყნის მაისურით სავსე ტრიბუნების წინ ითამაშოს. ამიტომ, ფეხბურთელები დიდ სიამოვნებას მივიღებთ“, - თქვა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებთა მატჩი 12 ივნისს, "დინამო არენაზე", 20:00 საათზე გაიმართება. საქართველოს ნაკრები C დივიზიონის მეოთხე ჯგუფს სამი ტურის შემდეგ 9 ქულით ლიდერობს, ჩრდილოეთ მაკედონიას 4 ქულა აქვს, ბულგარეთს 2, ხოლო გიბრალტარს - 1. ჯგუფის გამარჯვებული მომდევნო სეზონში B დივიზიონში თამაშის უფლებას მოიპოვებს და გარდა ამისა, ევრო 2024-ის პლეი-ოფში გავა. საქართველოს ნაკრებს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 1 ფრე).