ფეხბურთი

18:35 | 11.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "ჯგუფში ალბათ ფავორიტები ვართ, მაგრამ ეს საქმე ბოლომდე მისაყვანია"

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები ბულგარეთს უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს ოთარ კიტეიშვილმა უპასუხა.

ქართველი ნახევარმცველის განცხადებით, მას ტრავმის გამო ბევრი დრო გაუცდა და იმედი აქვს, რომ მალე 90 წუთის სათამაშოდ მზად იქნება. ოთარმა ასევე აღნიშნა, რომ გუნდმა ხვალინდელი მატჩი აუცილებლად უნდა მოიგოს, რადგან ჯგუფში პირველობისთვის ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამენ.

„მინდა, პირველ რიგში დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს ჯანმრთელობა ვუსურვო და დელეგაციის წევრებსაც მხარდაჭერა გამოვუცხადო, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ყველანაირად.

პირველი ტრავმის გამო 6 თვე გამიცდა, შემდეგ დავბრუნდი და მერე ისევ თვენახევარი გამოვტოვე. ამიტომ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფაქტობრივად 8-9 თვე არ მითამაშია. რთულია პასუხის გაცემა ვარ თუ არა, 90 წუთის სათამაშოდ მზად, მაგრამ ყოველ ვარჯიშზე ვცდილობ, რომ მაქსიმალურად გავიუმჯობესო ჩემი კონდიცია და იმედი მაქვს, რომ მალე 90 წუთსაც ვითამაშებ.

გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ერთ კვირაში სამი მატჩი მოვიგეთ, გულშემატკივარი ყველა შეხვედრაში ჩვენთან ერთად იყო და ხვალაც სავსე სტადიონს ველოდებით. გუნდში ძალიან კარგი კონკურენციაა, ყველანი მზად ვართ თამაშისთვის. სამი ტურის შემდეგ 9 ქულა გვაქვს და შეიძლება მეტ-ნაკლებად ფავორიტებად ვითვლებოდეთ, მაგრამ ეს საქმე დასასრულებელია. ხვალაც მოსაგებად უნდა ვითამაშოთ, რადგან ამ გამარჯვებით ჯგუფში პირველი ადგილისკენ ძალიან დიდ ნაბიჯს გადავდგამთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებთა მატჩი 12 ივნისს, "დინამო არენაზე", 20:00 საათზე გაიმართება. საქართველოს ნაკრები C დივიზიონის მეოთხე ჯგუფს სამი ტურის შემდეგ 9 ქულით ლიდერობს, ჩრდილოეთ მაკედონიას 4 ქულა აქვს, ბულგარეთს 2, ხოლო გიბრალტარს - 1. ჯგუფის გამარჯვებული მომდევნო სეზონში B დივიზიონში თამაშის უფლებას მოიპოვებს და გარდა ამისა, ევრო 2024-ის პლეი-ოფში გავა. საქართველოს ნაკრებს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 1 ფრე).

0.116885