ფეხბურთი

18:07 | 11.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ამჟამად გუნდში დიდი კონკურენციაა და შეგვიძლია ჩვენი რესურსის გამოყენება"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფის მეოთხე ტურში ბულგარეთის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ფრანგმა სპეციალისტმა თქვა, რომ გუნდში ძალიან კარგი გარემო, კონკურენციაა და რესურსის გამოყენება შეუძლიათ. სანიოლის განცხადებით, ყველა ფეხბურთელს ის სამართლიანად ექცევა და შეიძლება რიგ შემთხვევებში სწორ გადაწყვეტილებებს არ იღებდეს, მაგრამ მთავარი სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაა.

„მინდა, ტოდორ ნედელევს გამოჯანმრთელება ვუსურვო. ჩვენთვის დიდი შოკი იყო, როცა ეს ამბავი გავიგეთ. ის ჩვენი კოლეგაა და ვაცნობიერებთ, რომ ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება ეს ამბავი შეემთხვეს.

მართლაც იშვიათი შემთხვევაა, როცა საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ამდენ თამაშში წარმატებას მიაღწია. ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან რთული მონაკვეთები გვქონდა, გავიხსენოთ იგივე პლეი-ოფში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხი, ბულგარეთთან 1:4 წაგება და ამის ფონზე ახლანდელი შედეგი რა თქმა უნდა სასიამოვნოა. ვფიქრობ, რომ ჩემი გუნდი პროფესიონალებისგან შედგება, რომლებიც არ დაუშვებენ, რომ გუნდი მოდუნდეს. 29 ფეხბურთელი გვყავს გამოძახებული, უმეტესობა წინა სამ თამაშში გამოვიყენეთ და აბსოლუტურად ყველამ იდეალურად შეასრულეს ჩვენი დავალებები, რომელიც მივეცით და მჯერა, რომ მომავალშიც მექნება მათი იმედი.

ოფიციალურ მატჩებამდე ერთკვირიანი შეკრება გვქონდა და მოგვეცა იმის საშუალება, რომ სტანდარტულ სიტუაციებზეც გვემუშავა. ამის შესაძლებლობა მანამდე არ გვქონდა. ასევე უნდა აღინიშნოს ის თავდაჯერება, რომელსაც ფეხბურთელები მოედანზე ავლენენ, მათ არ ეშინიათ გარკვეულ რისკებზე წასვლა და შესაბამისად, ეს შეინიშნება თამაშის ხარისხსა და შედეგზე.

გიორგი წიტაიშვილი ძალიან კარგად ჩაჯდა იმ სისტემაში, რომლითაც ახლა ვთამაშობთ. არ ვიცი, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ მისთვის მარჯვენა ფლანგი უფრო ბუნებრივი პოზიციაა, ის მარცხნივაც კარგად თამაშობს, ისევე, როგორც ირაკლი აზაროვი და გურამ გიორბელიძე, რომელთაც აგრეთვე მიეცათ თამაშის შანსი. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს ამჟამად, მაქსიმალურად შეგვიძლია ჩვენი რესურსი გამოვიყენოთ. აზაროვი არ არის იმედგაცრუებული ან გაბრაზებული, როცა თამაში არ უწევს. გუნდში დიდი კონკურენციაა და ეს ძალიან მახარებს. ოთარ კიტეიშვილს ბოლო დროს ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონდა, მაგრამ ის დროში, რომელსაც მოედანზე ატარებს, უაღრესად კმაყოფილი ვიყავი მისი თამაშით და სხვა ფეხბურთელებითაც. ეს მენტალობა გუნდში ზოგადად შეიმჩნევა, მოედანზეც აისახება და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სწორედ ეს მენტალობა შევინარჩუნოთ.

გუნდში სამი უმაღლესი დონის მეკარე მყავს. გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ უმაღლეს დონეზე თამაშობს და ჩემი აზრით, მისი კარში დაყენება არანაირ რისკს არ შეიცავდა, ეს ჩვეულებრივი გადაწყვეტილება იყო. ირაკლი აზაროვმა ბულგარეთთან მართლაც ძალიან კარგად ითამაშა, ბოლომდე დაიხარჯა და ცოტა დაიღალა, ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ძალები გამენაწილებინა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გიორგი წიტაიშვილი დამეყენებინა. ჩვენი მთავარი მიზანიც ეს იყო ამ მატჩებში, რომ ძალები გაგვენაწილებინა და ყველამ ფეხბურთელი, ვინც როტაციაში ითამაშა, აზაროვი, წიტაიშვილი, ყაზაიშვილი, მიქაუტაძე და გიორბელიძე კარგად გამოიყურებოდნენ. ფეხბურთელებმა იციან, რომ მწვრთნელს უწევს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. ჩემთვის მთავარია, რომ ყოველთვის სამართლიანად მოვეპყრო მათ, არ არის აუცილებელი, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის სწორი იყოს, შესაძლოა ზოგჯერ ვცდები კიდეც, მაგრამ როცა სამართლიანად ვიქცევი, ფეხბურთელებს ესმით, რატომაც ვიღებ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას.

მიქელთაძე და ჩაბრაძე პირველ სამ მატჩში ტრიბუნაზე იყვნენ, ამის მიუხედავად ყველა ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯებიან, რადგან ნამდვილი პროფესიონალები არიან. იმედი მაქვს, რომ ისინი გაგებით ეკიდებიან ჩემს გადაწყვეტილებებს, მათთვის ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეეჩვიონ ნაკრებს, გარემოს. ჩემთვის რთულია ამ გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა, გვყავს ორი თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი მიქაუტაძე, რომლებიც ძალიან კარგად თამაშობენ და ამიტომ, ბექასთვის ამ ეტაპზე რთულია შემადგენლობაში მოხვედრა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოცდილება აუცილებლად წაადგება და ახლო მომავალში თუ ოდნავ მოგვიანებით, მასაც მიეცემა სათამაშო დრო.

ერთად ვიმარჯვებთ და ერთად ვმარცხდებით. შეიძლება ფეხბურთელი მწვრთნელით უკმაყოფილო იყოს, ან პირიქით, მაგრამ ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ყელა ერთად ვართ, მწვრთნელები, ფეხბურთელები, ფედერაცია, პერსონალი, გუნდი სხვანაირად ვერ იფუნქციონირებს.

ჩაკვეტაძე საუკეთესო ვითარებაში არ არის. გიბრალტართან კარგად ითამაშა და კმაყოფილები ვიყავით, თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ მატჩებს ცალკეული ფეხბურთელები არ იგებენ. არც ჩაკვეტაძე, არც კვარაცხელია, არც კიტეიშვილი ან სხვა, არამედ საქართველოს ნაკრები იგებს. ჩემთვის ყველა ფეხბურთელი ერთნაირად მნიშვნელოვანია. ჩაკვეტაძის ამ ორ კვირაში გაკვირვებული დავრჩი, ძალიან კარგად ვარჯიშობდა, კარგად ითამაშა, განაცხადში არ იყო, მაგრამ მაინც კარგ ხასიათზე იმყოფებოდა. თუ უნდა, რომ ტოპ მოთამაშე გახდეს, შემიძლია ვთქვა, რომ ამ 2 კვირის დაკვირვებით ის სწორ გზაზეა და ეს პერიოდი შეიძლება მისთვის რაღაც მნიშვნელოვანის დასაწყისი იყოს", - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებთა მატჩი 12 ივნისს, "დინამო არენაზე", 20:00 საათზე გაიმართება. საქართველოს ნაკრები C დივიზიონის მეოთხე ჯგუფს სამი ტურის შემდეგ 9 ქულით ლიდერობს, ჩრდილოეთ მაკედონიას 4 ქულა აქვს, ბულგარეთს 2, ხოლო გიბრალტარს - 1. ჯგუფის გამარჯვებული მომდევნო სეზონში B დივიზიონში თამაშის უფლებას მოიპოვებს და გარდა ამისა, ევრო 2024-ის პლეი-ოფში გავა. საქართველოს ნაკრებს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 1 ფრე).

0.114626