ერთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები მიმდინარე გათამაშებაში ძალიან წარუმატებლად თამაშობს და პირველი წრის შემდეგ ჯგუფში ბოლო ადგილზეა.
დიდიე დეშამის გუნდი მესამე ტურში ვენაში, ავსტრიის ნაკრებს ესტუმრა და 83-ე წუთამდე მარცხდებოდა. თუმცა, ფრანგები წაგებისგან კილიან მბაპემ გადაარჩინა, რომელმაც ანდრეას ვეიმანის გოლი გაქვით. ამავე ჯგუფის მეორე მატჩში ხორვატიამ დანიას გასვლაზე მარიო პაშალიჩის გოლით აჯობა.
შედეგად, A დივიზიონის პირველ ჯგუფში სამი ტურის შემდეგ ძალიან საინტერესო ვითარებაა შექმნილი: დანია 6 ქულით ლიდერობს, ავსტრიას და ხორვატიას 4-4 ქულა აქვთ, ხოლო საფრანგეთი სამი ტურის თავზე მოგების გარეშე და 2 ქულით ბოლო ადგილზეა.
ავსტრია - საფრანგეთი 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ვეიმანი (37), 1:1 მბაპე (83)
დანია - ხორვატია 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 პაშალიჩი (69)