ფეხბურთი

12:23 | 10.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

რისტოვსკი: "იმედია, საქართველო სხვა მატჩებში ქულებს დაკარგავს და გასვლაზე დავამარცხებთ"

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელებმა მილან რისტოვსკიმ და დარკო ჩურლინოვმა საქართველოს ნაკრებთან მარცხის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთეს. როგორც მათ აღნიშნეს, იმედგაცრუებულები არიან, მაგრამ თბილისში გამარჯვებას ეცდებიან, იმ იმედით, რომ საქართველო სხვა მატჩებშიც დაკარგავს ქულებს.

„იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მოვემზადეთ და წარმატების გვჯეროდა, იმედგაცრუებულები ვართ. თუმცა, ხანდახან ფეხბურთი ასეთია, ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც წარმოგიდგენია. საქართველო უკეთესი იყო და უნდა მივულოცო. არ გვინდოდა ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ მეტოქის ფეხის დაცდენას ველოდოთ და სტუმრად დავამარცხოთ, თუ პირველ ადგილზე გასვლა გვინდა“, - თქვა რისტოვსკიმ.

„ორი-სამი შეცდომა დავუშვით, რომლებიც ქართველებმა გამოიყენეს და დაგვსაჯეს. ამ თვეში კიდევ ერთი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი, რომლის მოგება გვინდა, ახლა სწორედ მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და მოედანზე სამი ქულისთვის გავიდეთ“, - თქვა ჩურლინოვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები C დივიზიონის მეოთხე ჯგუფს სამი ტურის შემდეგ 9 ქულით ლიდერობს, ჩრდილოეთ მაკედონიას 4 ქულა აქვს, ბულგარეთს 2, ხოლო გიბრალტარს - 1. ჯგუფის გამარჯვებული მომდევნო სეზონში B დივიზიონში თამაშის უფლებას მოიპოვებს და გარდა ამისა, ევრო 2024-ის პლეი-ოფში გავა. საქართველოს ნაკრებს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 1 ფრე), ხოლო მომდევნო შეხვედრას თბილისში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

0.108971