ფეხბურთი

3:21 | 10.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მომდევნო მატჩია"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვების (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც გუნდის კაპიტანმა აღნიშნა, ახლა მთავარი ძალების აღდგენაა, რადგან ბულგარეთთან მომდევნო მატჩში გამარჯვებით პირველი ადგილისკენ ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამენ.

„პირველი ტაიმი კარგად ვერ ვითამაშეთ, მეორე ტაიმში მწვრთნელმა ტაქტიკური ცვლილებები დაგვავალა, რასაც თავი ძალიან კარგად გავართვით. მეორე ნახევარში უფრო გამართული ფეხბურთი ვითამაშეთ და ბევრი მომენტი შევქმენით, რაც მისასალმებელია. საერთო ჯამში, ძალიან მაგარი შეკრებაა, კმაყოფილები ვართ და ვულოცავთ ქართველ გულშემატკივარს. ძალიან კარგია, რომ გასვლაზე გვახლდნენ. ახლა ძალები უნდა აღვიდგინოთ, რადგან ძალიან რთული 3 თამაში გვქონდა. 2 დღე გვაქვს ამისთვის და გვინდა 12 ქულა დავაგროვოთ.

10 დღეში 4 თამაშის ჩატარება თითქმის შეუძლებელია ფეხბურთელებისთვის, მაგრამ ამ თამაშიდან იმდენად კარგი ემოცია მივიღეთ, რომ ალბათ კიდევ ერთ თამაშსაც გავძლებთ. რაც მთავარია, ძალები უნდა აღვიდგინოთ, რომ მეოთხე მატჩისთვის 100%-ით მზად ვიყოთ, რადგან ბულგარეთთან მატჩის მოგებით ჯგუფის მოსაგებად დიდ ნაბიჯს გადავდგამთ“, - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები C დივიზიონის მეოთხე ჯგუფს სამი ტურის შემდეგ 9 ქულით ლიდერობს, ჩრდილოეთ მაკედონიას 4 ქულა აქვს, ბულგარეთს 2, ხოლო გიბრალტარს - 1. ჯგუფის გამარჯვებული მომდევნო სეზონში B დივიზიონში თამაშის უფლებას მოიპოვებს და გარდა ამისა, ევრო 2024-ის პლეი-ოფში გავა. საქართველოს ნაკრებს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 1 ფრე), ხოლო მომდევნო შეხვედრას თბილისში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის სკოპიედან

0.110948