ფეხბურთი

1:46 | 10.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ამ გუნდს აქვს ამბიციები და მჯერა, რომ მიზნისთვის ვიბრძოლებთ"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვების (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, პირველი ტაიმით უკმაყოფილო იყო, რის შესახებაც ფეხბურთელებს შესვენებაზე ესაუბრა.

„გადავწყვიტე, რომ ბულგარეთთან მატჩის შემდეგ ბევრი ფეხბურთელი არ შემეცვალა, რადგან ყველამ კარგად ითამაშა. პირველი ტაიმით კმაყოფილი არ ვარ, ამბიციის გარეშე ვითამაშეთ, შესვენებაზე ფეხბურთელებს ვესაუბრე, ტაქტიკური ცვლილელები მოვახდინე და მათ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინეს. ბედნიერი ვარ გამარჯვებით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, როგორი პირველი ტაიმიც გვქონდა, ანგარიში ცოტა მეტისმეტად მოსჩანს. ჩვენმა გულშემატკივრებმა საქმე გაგვიადვილეს და მადლობელი ვარ, რომ ჩვენთან ერთად იყვნენ.

გასულ წელს აღმავლობის და ჩავარდნის პერიოდი გვქონდა, სექტემბერში კატასტროფული პერიოდი გვქონდა. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა უკეთ იციან, რომ წინ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა შეუძლიათ, ჩემი ამოცანაა ვიმუშაო მათთან და დავეხმარო, რომ მოედანზე საუკეთესო თვისებები გამოავლინონ. რთული სათქმელია, მაგრამ მჯერა, რომ ამ გუნდს დიდი ამბიციები აქვს. ვფიქრობ, ფეხბურთელები მიზნის მისაღწევად და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბევრს იმუშავებენ.

კვარაცხელია? თუ „ნაპოლიმ“ გადაწყვიტა მისი შეძენა, ეს ნიშნავს, რომ ხარისხიანი ფეხბურთელია. ის ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ მის გარდაც გვყავს კარგი ფეხბურთელები. გუნდში ყველას აქვს თავისი ფუნქცია, გეთანხმებით, რომ ხვიჩა რაღაც განსხვავებულია, მაგრამ ვფიქრობ, მას ჯერ არ გამოუვლენია ბოლომდე თავისი უნარები და ჩემი აზრით, იტალიაში ტოპფეხბურთელი გახდება.

მამარდაშვილმა კარგად ითამაშა, მისი ძირითადში ყოფნა ბევრისთვის მოულოდნელობა იყო, მაგრამ გუნდში 29 ფეხბურთელი მყავს და შანსს ყველას მაქსიმალურად ვაძლევთ. ბედნიერი ვარ, რომ ნებისმიერი ფეხბურთელი მზადაა გუნდს დაეხმაროს“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები C დივიზიონის მეოთხე ჯგუფს სამი ტურის შემდეგ 9 ქულით ლიდერობს, ჩრდილოეთ მაკედონიას 4 ქულა აქვს, ბულგარეთს 2, ხოლო გიბრალტარს - 1. ჯგუფის გამარჯვებული მომდევნო სეზონში B დივიზიონში თამაშის უფლებას მოიპოვებს და გარდა ამისა, ევრო 2024-ის პლეი-ოფში გავა.

საქართველოს ნაკრებს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 1 ფრე), ხოლო მომდევნო შეხვედრას თბილისში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

0.119061