ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ საქართველოს ნაკრებთან მატჩის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, მეტოქე ფიზიკურად უკეთ მომზადებული იყო. მილევსკი ფიქრობს, რომ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი არ დაუკარგავთ და მომდევნო სამ მატჩში 9 ქულის მოპოვებას გეგმავს.
„პირველ რიგში საქართველოს გამარჯვებას ვულოცავ, ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. თამაშს 50 წუთი მაინც ვაკონტროლებდით, შემდეგ ფიზიკურმა დაღლილობამ თავი იჩინა, საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ჩვენზე უკეთ მომზადებული იყო. ბიჭებს ვერაფერს დავაბრალებ, ეს არის ჩვენი მაქსიმუმი ამ დროისთვის, ვწუხვარ, რომ იმ მომენტში, როცა უპირატესობას ვფლობდით, ორი ან მეტი გოლი ვერ გავიტანეთ. ბოლო პასის პრობლემა გვქონდა. კალენდარი ძალიან მჭიდროა, ამიტომ როტაცია მოგვიწევს და ხვალიდან ვნახავთ ვინ იქნება მზად კვირის მატჩისთვის. ერთა ლიგის გრაფიკი სიგიჟეა, ათ დღეში ოთხი მატჩის ჩატარება არაადამიანურია.
მადლობელი ვარ ყველას, ვინც საგულშემატკივროდ მოვიდა. ეს იმის ნიშანია, რომ ისინი ხედავენ მოედანზე ბიჭების დახარჯულ ენერგიას. ეს აპლოდისმენტები ჩვენთვის რაღაცას ნიშნავს, მიუხედავად ცუდი შედეგისა, ჩვენი მოვალეობაა, რომ მომდევნო მატჩში ფანებს ვალი გადავუხადოთ.
პირველი ადგილის შანსი დავკარგეთ? ჩემი ნაკრებში მოსვლის პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელიც მოგვიანებით იწყება. ერთა ლიგის მატჩები იმ საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ნაწილია. ამ ტურნირის შემდეგ სექტემბერში უფრო ნათელი სურათი გვექნება რა პოტენციალი გვაქვს. ერთა ლიგის დასრულებამდე კიდევ სამი მატჩია, ადვილი მეტოქე არ არსებობს, ნახეთ, რომ გიბრალტარმა ბულგარეთთან არ წააგო, ყველა მეტოქე იმსახურებს პატივისცემას, ყველა პროგრესირებს. სანამ არის შანსი, ჩვენი მიზანი იგივეა, ვიბრძოლებთ სასურველი მიზნისთვის. ჯერ კვირას უნდა მოვიგოთ და შემდეგ სექტემბერში ბოლო ორი მატჩი“, - თქვა მილევსკიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები C დივიზიონის მეოთხე ჯგუფს სამი ტურის შემდეგ 9 ქულით ლიდერობს, ჩრდილოეთ მაკედონიას 4 ქულა აქვს, ბულგარეთს 2, ხოლო გიბრალტარს - 1. ჯგუფის გამარჯვებული მომდევნო სეზონში B დივიზიონში თამაშის უფლებას მოიპოვებს და გარდა ამისა, ევრო 2024-ის პლეი-ოფში გავა.
საქართველოს ნაკრებს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 1 ფრე), ხოლო მომდევნო შეხვედრას თბილისში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.