ფეხბურთი

0:39 | 10.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბრწყინვალე გამარჯვება: საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია გაანადგურა

როგორც მატჩამდე ნიკა კვეკვესკირმა აღნიშნა, გამარჯვება სრულფასოვანი არ იქნებოდა შეხვედრების განსხვავებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც, ჩრდილოეთ მაკედონიის ძლევა უდავოდ სასიამოვნო იყო.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში უბრალოდ ფანტასტიკურად ასპარეზობს და სამი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ, ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს.

ვილი სანიოლის გუნდს სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩს 7-თამაშიანი წაუგებელი სერიით შეხვდა, რომელიც კიდევ უფრო გაზარდა. პირველ ტაიმში მასპინძლები თითქოს უკეთ გამოიყურებოდნენ, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი პრაქტიკულად არ შექმნილა. უფრო მეტიც, ალბათ, ყველაზე კარგი მომენტი სტუმრებს ჰქონდათ, როცა ზურიკო დავითაშვილს მეკარემ აჯობა.

მეორე ტაიმი კი საქართველოს ნაკრებმა ფანტასტიკურად დაიწყო და ზოგადად, იდეალურად ჩაატარა. 50-ე წუთზე ანგარიშის გახსნასთან ძალიან ახლოს დავით ხოჭოლავა იყო, რომლის თავური კარს ოდნავ ასცდა. სამაგიეროდ, ორ წუთში გოლი მაინც გავიდა და ხოჭოლავამ საგოლე შეტევა დაიწყო. მისი დროული და კარგი პასით ფლანგზე კარგ პოზიციაში გიორგი წიტაიშვილი აღმოჩნდა, რომელმაც საჯარიმოში შესანიშნავად გახსნილი ბუდუ ზივზივაძე შენიშნა და საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ერთი შეხებით შეაგდო. ეს ბუდუს მესამე გოლი გამოდგა ეროვნულ ნაკრებში.

ერთი წუთის მერე წიტაიშვილმა კიდევ ერთხელ ჩააწოდა საჯარიმოში დიდებულად და ამჯერად ზურიკო დავითაშვილმა დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. მეორე გოლი საქართველომ მაინც მალე გაიტანა. 62-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და ბურთი კარის ბადეში გაეხვა! სხვათა შორის, ხვიჩამ ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ მე-16 მატჩში მე-8 გოლი გაიტანა. ფაქტი იყო, რომ აქ თამაშის ბედი გადაწყდა, რადგან საქართველოს ნაკრები დაცვაში უშეცდომოდ თამაშობდა.

84-ე წუთზე სანიოლის გუნდმა მესამეც გაიტანა. ამჯერად ჯარიმა ნიკა კვეკვესკირმა შორეულ ძელთან ჩააწოდა, სადაც ბურთს ოთარ კიტეიშვილი დაუხვდა და 3:0! ოთარისთვის ეს სადებიუტო გოლი იყო. კიდევ შეგვეძლო გატანა, მაგრამ ლობჟანიძეს ბოლო მომენტში მეკარემ დაასწრო და საბოლოოდ 3:0.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს სამი ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და ჩრდილოეთ მაკედონიას 5 ქულით უსწრებს, დარჩენილი სამი მატჩიდან ორი კი თბილისში უნდა ჩაატაროს, მათ შორის, უახლოესი 12 ივნისს, ბულგარეთის ნაკრებთან. ვთქვათ ისიც, რომ განვლილ სამ შეხვედრაში საქართველომ 12 გოლი გაიტანა და 2 გაუშვა. ისიც ვთქვათ, რომ ბულგარეთის ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარს ვერ მოუგო (1:1). შედეგად, საქართველო ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს, ჩრდ. მაკედონიას 4 ქულა აქვს, ბულგარეთს 2 და გიბრალტარს - 1. ჯგუფის გამარჯვებული მომდევნო ერთა ლიგაზე B დივიზიონში და გარდა ამისა, ევრო 2024-ის პლეი-ოფში ითამაშებს. ამასთან საქართველო უკვე ძალიან ახლოსაა.

ბოლოს შესანიშნავი სტატისტიკა ვახსენოთ: საქართველოს ნაკრებს გასული წლის ოქტომბრის შემდეგ არ წაუგია - 8 მატჩი, 7 მოგება, 1 ფრე. სანიოლის გუნდმა ამ პერიოდში კოსოვო (2:1), შვედეთი (2:0), უზბეკეთი (1:0), ბოსნია (1:0), გიბრალტარი (4:0), ბულგარეთი (5:2) და ჩრდილოეთ მაკედონია (3:0) დაამარცხა, ერთადერთი ფრე კი სტუმრად ალბანეთთან იყო (0:0).

ჩრდილოეთ მაკედონია - საქართველო 0:3 (0:0)

სკოპიე, „ტოშე პროესკი“

ჩრდილოეთ მაკედონია (4-4-2): დიმიტრიევსკი; აშკოვსკი, დ. ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი; ჩურლინოვი, სპიროვსკი (მიოვსკი 71), ბარდი, ელმასი; რისტოვსკი (ბაბუნსკი 71), ტრაიკოვსკი (ნიკოლოვი 59)

მწვრთნელი: ბლაგოია მილევსკი

საქართველო (3-4-3): მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა; კაკაბაძე (ლობჟანიძე 83), აბურჯანია (კიტეიშვილი 61), კვეკვესკირი, წიტაიშვილი; დავითაშვილი (მამუჩაშვილი 71), ზივზივაძე (მიქაუტაძე 71), კვარაცხელია (ყაზაიშვილი 83)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლები: 0:1 ზივზივაძე (52), 0:2 კვარაცხელია (62), 0:3 კიტეიშვილი (84)

გაფრთხილება: დ. ველკოვსკი (39), ბარდი (74), ბაბუნსკი (82) - კაკაბაძე (21), ზივზივაძე (45), კვირკველია (74)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 11 (6) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: როი რეინშრეიბერი (ისრაელი)

0.189019