საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა ერთა ლიგის მესამე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, რევანშზე საუბარი ცოტა გადამეტებულია, რადგან ისეთი მნიშვნელობის მატჩი არ არის და მისი აზრით, გამარჯვებას რევანშად ვერ აღიქვამს.
„ის თამაში ყველას გვახსოვს, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი. იმ თამაშის წარუმატებლობა ისევ ჩვენთან ერთად არის და მთელი კარიერა გაგვყვება ის მიუღწეველი მიზანი, რასაც ვერ მივაღწიეთ. თუმცა, რევანშისტულ განწყობაზე საუბარი რთულია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი თამაში არ არის და მე პირადად გამარჯვების შემთხვევაშიც კი ვერ აღვიქვამ, როგორც რევანშს. უბრალოდ ხვალ გვაქვს კონკრეტული მიზანი, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ. ყველაზე მთავარი ისაა, გუნდის ატმოსფერო იმიტომ არის ასეთი კარგი, რომ ყველა ვთამაშობთ საქართველოსთვის, ამით არის ყველა ბედნიერი და ამიტომაც არის გუნდური სულისკვეთება, კარგი ატმოსფერო, ფეხბურთელებს შორის კარგი ურთიერთობა. ხვალინდელი მატჩი რევანშზე უფრო ჩვენი ხალხისთვის თამაშია, რომ ისინი გავახაროთ და მგონია, რომ ხმამაღალი განცხადებები და რევანშისტული განწყობა ამ ეტაპზე მეორე პლანზეა. ახლა კონკრეტული მიზანი გვაქვს, რომელიც უნდა შევასრულოთ.
პენალტის შესრულება? ზოგადად, ისეთი ფეხბურთელების კატეგორიას მივეკუთვნები, ვისაც გოლს საგოლე პასი და თანაგუნდელების დახმარება ურჩევნია. პენალტის შესრულება ჩემი და გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რომ ნაკრებში პირველი გოლი გამეტანა, რაც სამწუხაროდ ვერ მოვახერხე. რა თქმა უნდა, გავიტან თუ არა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გოლის გატანის მოტივაციით არ გავდივარ მინდორზე, იმისთვის გავდივარ, რომ გავიმარჯვოთ - ეს მოტივაცია მქონდა, მაქვს და ყოველთვის მექნება”, - თქვა კვეკვესკირმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ და სამჯერვე 2020 წელს. ერთა ლიგაზე ორივე დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში მაკედონიელებმა თბილისში 1:0 მოიგეს.
საქართველოს ნაკრები C დივიზიონის მეოთხე ჯგუფს ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ლიდერობს, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიას 4 ქულა აქვს. ამ გუნდების შეხვედრა 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის სკოპიედან