ფეხბურთი

3:26 | 6.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "გასვლით თამაშზე საქართველოს ერთ დროშასაც რომ ვხედავ, სიამაყით ვივსები"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ბულგარეთთან გამარჯვების (5:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ძალიან სასიამოვნოა, როცა გასვლაზე ამდენი გულშემატკივარი გაჰყვა ნაკრებს. გარდა ამისა, გურამმა თქვა, რომ ეროვნული ნაკრებიდან წასვლას ჯერ არ აპირებს და მანამ ითამაშებს, სანამ ჯანმრთელობა ამის შესაძლებლობას მისცემს.

„ერთა ლიგა კარგად დავიწყეთ. საინტერესო თამაში გამოვიდა, მიხარია, რომ ბევრი გოლი გავიტანეთ, ძალიან გამართული ფეხბურთი ვითამაშეთ, მოედანზე სწორად გადაავადგილდებოდით. ძალიან მსიამოვნებს ამ გუნდში თამაში და მიხარია, რომ ასე წარმატებით ვთამაშობთ. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ ენერგია აღვიდგინოთ. ჩრდილოეთ მაკედონიასთან გვინდა რევანშის აღება, მაგრამ მთავარი ჯგუფის მოგებაა და ცხადია, სასურველ შედეგს ამ თამაშიდანაც ველით. ბულგარეთთან სერიის შეწყვეტა? უფრო გულშემატკივარს გაუხარდებოდა ეს გამარჯვება, რადგან ბულგარეთთან ძალიან ცუდი წარსული გვქონდა. ერთ კვირაში მათ კიდევ ვეთამაშებით, იმედი მაქვს, რომ სტადიონი გაივსება და რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ კიდევ ერთხელ რევანშს ავიღებთ. ხანდახან, გასვლით თამაშზე საქართველოს ერთ დროშას რომ ვხედავ, სიამაყით ვივსები და ამდენი გულშემატკივარი რომ დავინახე, დიდი ემოცია იყო. ეს ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ამდენი ქომაგი გასვლაზე არასდროს გვყოლია და თუკი სადმე კიდევ შეიძლება წამოვიდნენ, ეს დიდი მოტივაცია იქნება. ჯერ ნაკრებიდან წასვლას არ ვაპირებ, სანამ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, გუნდს და მწვრთნელებს დავჭირდები, აუცილებლად ვიქნები ნაკრებში“, - აღნიშნა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ორ ტურში 6 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 9 ივნისს, სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს. ვილი სანიოლის გუნდს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა, საიდანაც 6 შეხვედრა მოიგო და ერთხელ ფრეს დასჯერდა.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის რაზგრადიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110061