ძიუდო

19:20 | 5.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

14 მედალი, მათ შორის 5 ოქრო თბილისის გრანდ სლემზე!

თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ტატამიზე 14 ქართველი ძიუდოისტი გავიდა და დღე ძალიან წარმატებული გამოდგა, რადგან 6-მა მედალი მოიპოვა, მათ შორის 3 ძიუდოისტი ოქროს მედალს დაეუფლა.

90 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ბექა ღვინიაშვილმა, რომელმაც ყაზახი ადლეტ მისინი, უკრაინელი არტიომ ბუბირი და ნახევარფინალში ქართველი გიორგი პაპუნაშვილი დაამარცხა. ღვინიაშვილის მეტოქე ფინალში კრისტიან ტოტი იყო, რომელიც დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა.

თავის მხრივ პაპუნაშვილმა ნახევარფინალამდე ყირგიზ ერლან შეროვს და იაპონელ შოიჩირო მუკაის აჯობა. გიორგი ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ მაქსიმ-გაელ ჰამბოს დაუპირისპირდა, თუმცა წააგო და მედალი ვერ მოიპოვა. ამავე წონაში უმედლოდ დარჩნენ უშანგი მარგიანი და იმედა გოგოლაძე. მარგიანმა უზბეკი ბახოდირ პანიევი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ კრისტიან ტოტთან წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც აწ ნახსენებ მაქსიმ-გაელ ჰამბოს ვერ გაუმკლავდა და მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა, ხოლო გოგოლაძემ პირველი შეხვედრა დათმო სწორედ ჰამბოსთან და თბილისის გრანდ სლემზე გამოსვლა დაასრულა.

100 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი იყო. ონისე სანებლიძემ ყაზახი სერიკ სალმენოვი, გერმანელი დანიელ ჰერბსტი და უზბეკი ოტაბეკ ტურაბოევი დაამარცხა, ხოლო ფინალში გიორგი ბერიაშვილს შეხვდა, რომელმაც სამხრეთკორეელი ჯაე იუნ კიმი, ბრაზილიელი ანდრე უმბერტო და მერე ნახევარფინალში ქართულ დუელში ილია სულამანიძე დაამარცხა. ფინალი სანებლიძემ 20 წამში იპონით და ულამაზესი გდებით მოიგო.

სულამანიძემ ნახევარფინალამდე გერმანელი ლუის მაი და ყაზახი აიბეკ სერიკბაეივი დაამარცხა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის კიდევ ერთ გერმანელ დანიელ ჰერბსტს გაეჯიბრა, მაგრამ დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა. ამავე წონაში ასპარეზობდა ომარ საური, რომელმაც ტაჯიკი აკობირ აბუბაკრი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ უნგრელ სომბრო ვეგთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

+100 კგ წონით კატეგორიაში ფინალში იყო გელა ზაალიშვილი, რომელმაც საამიროების წარმომადგენელი მაგომედომარ მადომედომაროვი დაამარცხა, მერე ლევან მატიაშვილს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში უზბეკი სოხრუჰ ბახტიროვი დაამარცხა. ფინალში გელას მეტოქე კიდევ ერთი უზბეკი ალიშერ იუსუპოვი გახლდათ, რომელმაც ნახევარფინალში ონისე ბუღაძე დაამარცხა. ზაალიშვილმა გადამწყვეტი შეხვედრა იპონით მოიგო და საქართველოს ნაკრებს მე-5 ოქროს მედალი მოუტანა.

თავის მხრივ, ბუღაძემ ნახევარფინალამდე ბერძენი პანაგიოტის პაპანიკოლაუ და უკრაინელი იაკივ ხამო დაამარცხა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ლევან მატიაშვილს შეხვდა. მატიაშვილმა ასპარეზობა იტალიელი ლორენცო აგრო სილვაინის ძლევით დაიწყო, მერე ზაალიშვილთან წააგო და რეპეშაჟში უნგრელ რიხარდ შიპოჩს აჯობა. ბრინჯაოს მედლისთვის ქართველების დაპირისპირებაში მატიაშვილმა იმარჯვა. ამავე წონაში გიორგი ქავთარაძე ასპარეზობდა, მაგრამ პირველივე წრეში ალიშე იუსუპოვთან მარცხი განიცადა.

დღესვე, ქალთა შორის ორი წარმომადგენელი გვყავდა. +78 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა სოფიო სომხიშვილმა, რომელმაც ჩეხი მარკეტა პაულუსოვა დაამარცხა, ხოლო მერე ფრანგ ჟულია ტოლოფუასთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ლიეტუველ სანდრა იაბლონსკიტე დაამარცხა. მედლისთვის სომხიშვილი ფრანგ ლეა ფონტენს უნდა შეხვედროდა, მაგრამ მეტოქე არ გამოცხადდა და ქართველს მედალი ერგო. 78 კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურიამ იტალიელი ჯორა სტანგერლინი დაამარცხა, მაგრამ მერე ჯერ ბრაზილიელ მაირა აგუიართან წააგო, ხოლო შემდეგ რეპეშაჟში უკრაინელ იელიზავეტა ლიტვინენკოსთან და უმედლოდ დარჩა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემი 14 მედლით დაასრულა - 5 ოქრო (თემურ ნოზაძე, ლაშა შავდათუაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ონისე სანებლიძე, გელა ზაალიშვილი), 4 ვერცხლი (გიორგი სარდალაშვილი, გიორგი თუთაშვილი , ტატო გრიგალაშვილი და გიორგი ბერიაშვილი), 5 ბრინჯაო (ვაჟა მარგველაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, გიორგი ტერაშვილი, სოფიო სომხიშვილი, ლევან მატიაშვილი). აღსანიშნავია, რომ კაცების 7 წონითი კატეგორიიდან 5 ქართველებმა მოიგეს.

0.168085