ფეხბურთი

1:50 | 5.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიამ გადახალისებულ იტალიას ვერ მოუგო

თამამად შეიძლება ითქვას, რომ რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრების თავიდან შენება დაიწყო და სწორედ ამისთვის იყენებს ერთა ლიგის A დივიზიონს, რომლის პირველ ტურში „სკუადრა აძურამ“ ბოლონიაში გერმანიას უმასპინძლა.

იტალიელთა შემადგენლობას რომ ჩახედოთ, ყველაფერი ნათელია - მანჩინი ახალი კურსის ძიებაშია. ევროპის ჩემპიონის რიგებში 6 ფეხბურთელის დებიუტი შედგა, თანაც ასეთ პრინციპულ მეტოქესთან. საპასუხოდ, ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდმა უძლიერესი შემადგენლობით ითამაშა.

გერმანია ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტები გუნდებმა თითქმის ერთნაირად შექმნეს და დაფიქსირებული შედეგი სრულიად ლოგიკურია - ფრე 1:1.

იტალია 70-ე წუთზე ლორენცო პელეგრინიმ დააწინაურა, რომელმაც ცარიელ კარში ახლო მანძილიდან გაიტანა. მას დიდებული საგოლე პასი გაუკეთა დებიუტანტმა ვილფრიდ ნიონტომ. 18 წლის შემტევი მოედანზე სულ 5 წუთის შესული იყო, როდესაც მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა და ზოგადად, ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. ნიოტო „ინტერის“ აკადემიის აღზრდილია, ამჟამად კი შვეიცარიაში, „ციურიხის“ ღირსებას იცავს.

გერმანიას 3 წუთი დასჭირდა გასათანაბრებლად - გოლი იოზუა კიმიხის აქტივშია, რომელმაც იტალიელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა.

პირველი ტურის შემდეგ ჯგუფს 3 ქულით უნგრეთი ლიდერობს. მეორე ტურში იტალია სწორედ უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო გერმანიის ნაკრები ინგლისს დაუხვდება.

იტალია - გერმანია 1:1 (0:0)

ბოლონია, „რენატო დალ არა“

იტალია (4-3-3): დონარუმა; ფლორენცი, აჩერბი, ბასტონი, ბირაგი (დიმარკო 80); ფრატეზი (რიჩი 85), კრისტანტე, ტონალი (პობეგა 80); პოლიტანო (ნიონტო 65), სკამაკა (კანჩელიერი 85), პელეგრინი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი; კერერი, რიუდიგერი, ზულე, ჰენრიხსი (ჰოფმანი 59); კიმიხი, გორეტცკა (გიუნდოგანი 69); გნაბრი (რაუმი 80), მიულერი (ჰავერტცი 70), სანე (მუსიალა 59); ვერნერი

მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი

გოლები: 1:0 პელეგრინი (70), 1:1 კიმიხი (73)

გაფრთხილება: პელეგრინი (51), ფლორენცი (62), ტონალი (66), ბასტონი (80), კანჩელიერი (90) - კერერი (62), ვერნერი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (2) – 12 (4) ბურთის ფლობა: 35%065% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 7:1

მსაჯი: სრდან იოვანოვიჩი (სერბეთი)

0.150881