საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში ბულგარეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება.
მატჩის წინ ბულგარელთა მთავარმა მწვრთნელმა იასენ პეტროვმა პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ისინი საქართველოს ნაკრებს პატივს სცემენ, მაგრამ მოედანზე გამარჯვებისთვის გავლენ.
„ორი ფეხბურთელი გვყავს ტრავმირებული. ნებისმიერ შემთხვევაში შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებას განვახორციელებთ, რათა მაქსიმალურად ვისარგებლოთ იმ შემადგენლობით, რომელიც გვყავს. ხვალ ვნახავთ რამდენი ცვლილება იქნება. ვიცით, რომ ეს სრულიად განსხვავებული მატჩი იქნება იმ თამაშისგან, რომელიც სექტემბერში შედგა. პატივს ვცემთ საქართველოს ნაკრებს, მაგრამ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. ასევე დიდ პატივს ვცემ მწვრთნელ ვილი სანიოლს, მეტოქე დეტალურად შევისწავლეთ. მატჩი შეიძლება იყოს მარტივი, თუ ჩვენ გავამარტივებთ, ან შეიძლება იყოს რთული, თუ ჩვენ გავართულებთ.
ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად ვისადილეთ, მას ყველა ჩვენგანთან შეხვედრის უფლება აქვს. წელიწადნახევარია ვცდილობთ გუნდის გაახალგაზრდავებას, ამ გუნდს აქვს მომავალი და ჩემს შესახებ სპეკულაციები არ მაწუხებს. ბოლო დროს ფეხბურთში ფავორიტები და აუტსაიდერები არ არსებობენ, ეს დაამტკიცა გუშინ დანიის საფრანგეთთან და ავსტრიის ხორვატიასთან გამარჯვებამაც. ფეხბურთის დონე ძალიან გათანაბრდა. ჩვენ გამარჯვება გვინდა და საკუთარ თავს ფავორიტად არასდროს მივიჩნევთ“, - თქვა პეტროვმა.
პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელმა ანტონ ნედიალკოვმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო კომპაქტურ ფეხბურთს თამაშობს.
„საქართველოს ნაკრებზე ვიტყვი, რომ კომპაქტური და კოლექტიური გუნდია. ზოგიერთ ფეხბურთელს საკლუბო ფეხბურთიდან ვიცნობ, მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის. მატჩისთვის მზად ვართ და შედეგს ხვალ გავიგებთ. როგორც მწვრთნელმა თქვა, იოლი მატჩი არ გველოდება, პირიქით, ველით, რომ რთული იქნება, მაგრამ არ ვნერვიულობთ. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, მზად ვართ და ყველა მოუთმენლად ველოდებით თამაშს, ძალიან მშვიდად უნდა ვიყოთ, რადგან როცა მშვიდად ვართ, ყველაფერი ძალიან კარგად გამოგვდის“, - თქვა ნედიალკოვმა.
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი 4:0 დაამარცხა, ხოლო ბულგარეთმა ჩრდილოეთ მაკედონიას შინ ვერ მოუგო (1:1). ხვალინდელი მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრებს ოქტომბრის შემდეგ თამაში არ წაუგია, ხოლო ბულგარეთის ნაკრებისთვის საპირისპირო ვითარებაა - არ მოუგია.