ფეხბურთი

19:06 | 4.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "გადამწყვეტი ფაქტორი იქნება იმ ინტენსივობის შენარჩუნება, რომელიც ბოლო დროს გვქონდა"

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ტურში ბულგარეთის ნაკრებს სტუმრად რაზგრადში დაუპირისპირდება.

მატჩის წინ ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და როგორც ბულგარული, ისე ქართული მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, გიორგი წიტაიშვილი არ ითამაშებს, დანარჩენი ფეხბურთელები კი სათამაშოდ მზად არიან და მან შემადგენლობაში ცვლილებებიც დააანონსა.

„გუშინ მგზავრობის და აღდგენის დღე იყო. ძალიან სასიამოვნოა ერთა ლიგის გამარჯვებით დაწყება, თუმცა, როგორც იცით, ამ შეკრებაზე გუნდში 29 ფეხბურთელია და შესაბამისად, ხვალ შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. მაქსიმალურად ვეცდებით ძალების განაწილებას, მაგრამ შემადგენლობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ მივიღებ. წიტაიშვილი საწვრთნელ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან მოგეხსენებათ გიბრალტართან მატჩში ტრავმა მოიღო და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

აღდგენის პროცესი ძალიან კარგად წარიმართა. მხოლოდ წიტაიშვილი გვაკლია და მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან სასიამოვნოა ბულგარეთში ამდენი გულშემატკივარი რომ გამოგვყვა, მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთი საქართველოსთან არც ისე ახლოსაა. ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა, რომ ამდენი ხალხის მხარდაჭერას ვიგრძნობთ.

რა თქმა უნდა, გვინდა შემტევი ფეხბურთის თამაში, მაგრამ ყველა მატჩში უნდა მოვერგოთ მეტოქის სტილს, მათ შესაძლებლობებს. ფაქტია, რომ ბულგარეთი გიბრალტართან შედარებით ბევრად ძლიერი გუნდია, თუმცა გადამწყვეტი იქნება ის ფაქტორი, ჩვენ როგორ ვითამაშებთ და შევინარჩუნებთ თუ არა იმ ინტენსივობას, რომელიც გუნდში ბოლო 6 თვის განმავლობაში შევამჩნიე და ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ამიტომაც, მჯერა, რომ ხვალაც შევძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას.

სექტემბერში ბულგარეთთან ამხანაგური მატჩი გვქონდა, რა თქმა უნდა, მახსოვს ეს მატჩი, მსაჯის შეცდომებიც მახსოვს, მაგრამ ხვალ სულ სხვა თამაში იქნება. მეტოქისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვება და დარწმუნებული ვარ, განსხვავებულად ითამაშებენ.

ბულგარეთის ნაკრებიდან ვერცერთ ფეხბურთელს გამოვყოფ, ეს ნაკრები გუნდურად არის ძლიერი. ჩვენ არ ვიცით, როგორი შემადგენლობით ითამაშებს ბულგარეთი და არ იქნება მიზანშეწონილი, რომ მხოლოდ 1-2 ფეხბურთელი გამოვარჩიო. ჩვენ კონცენტრაციას საკუთარ თავზე მოვახდენთ და ვეცდებით ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ“, - თქვა სანიოლმა.

ვილი სანიოლთან ერთად მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე იყო, რომელმაც ხვალინდელ შეხვედრამდე მცირე კომენტარი გააკეთა.

„პირველ თამაში ჯგუფის ფავორიტთან არ გვითამაშია, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი გულშემატკივარი მოვიდა და სტადიონი თითქმის გაივსო. ხვალაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი გულშემატკივრების ყოფნა და იმედი მაქვს, რომ სხვა გასვლით მატჩებზე მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. გუნდში ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი თამაში გველოდება და ყველაფერს ვეცდებით გულშემატკივრების გასახარებლად. გიბრალტართან მოედანზე კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი არ იყვნენ და მომიწია კაპიტნობა. ვამაყობ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტნობა მერგო. ეს მართლაც ენით აღუწერელი გრძნობაა“, - განაცხადა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი 4:0 დაამარცხა, ხოლო ბულგარეთმა ჩრდილოეთ მაკედონიას შინ ვერ მოუგო (1:1). ხვალინდელი მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრებს ოქტომბრის შემდეგ თამაში არ წაუგია, ხოლო ბულგარეთის ნაკრებისთვის საპირისპირო ვითარებაა - არ მოუგია.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის რაზგრადიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.154971