ძიუდო

18:42 | 4.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი ფინალში დამარცხდა, საქართველოს ნაკრებს 8 მედალი აქვს მოპოვებული

ძიუდოში თბილისის გრანდ სლემი გრძელდება, რომლის მეორე საშეჯიბრო დღეს 11 ქართველი ძიუდოისტი ჩაება საქმეში, რომელთაგან სამმა მედალი მოიპოვა, თანაც ყველა სინჯის - თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.

73 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა, რომელმაც სამხრეთკორეელი ჰეონჩეოლ კანგკი, ბრაზილიელი ჟულიო სეზარ კოდა და ტაჯიკი მუჰამადრაჰიმ სარახონოვი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ლაშამ ქართულ დუელში გიორგი ტერაშვილს აჯობა. ფინალში შავდათუაშვილის მეტოქე იაპონელი კენ ოიოში იყო, რომელიც დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

ტერაშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. გიორგიმ შავდათუაშვილთან ნახევარფინალში წაგებამდე უკრაინელი არტიომ ხომულა, მოლდოველი კორნელ ანდრიესი და უზბეკი მურდიონ იულდოშევი დაამარცხა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში იტალიელ მანუელ ლომბარდოს აჯობა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის შეხვედრამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა გიორგი ჩიხელიძეს, რომელმაც რუმინელი ალექსანდრულ რაიცუ და აზერბაიჯანელი ტელმან ვალიევი დაამარცხა, თუმცა ჯერ მეოთხედფინალში კენ ოიოშისთან დამარცხდა და მერე რეპეშაჟში იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან. უმედლოდ დარჩა ფრიდონ გიგანი, რომელმაც ტაჯიკი მაჰამადშარიფ ნაიმუდინოვი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ მოლდოველ პეტრუ პელივანთან თვითონ წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

81 კგ წონით კატეგორიაში ფინალში ტატო გრიგალაშვილი გავიდა, მაგრამ ოქროს მედალი ვერ მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ტაჯიკი მუჰამადიონ აბდუიალილოვი, პუერტო რიკოელი ადრიან განდია, იტალიელი ტიციანო ფალკონე და აზერბაიჯანელი ზელიმ ტჩკაევი დაამარცხა, ხოლო ფინალში სამხრეთკორეელ ჯოონჰვან ლის გაეჯიბრა, რომელთანაც კონტრშეტევაზე მიღებული ილეთი გაეპარა და იპონით დამარცხდა, შესაბამისად, ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ამავე წონაში უმედლოდ 2 ქართველი დარჩა. გიორგი შერაზადიშვილმა ბელგიელი აბდულ მალიკ უმაიევი დაამარცხა, მაგრამ მერე ტიციანო ფალკონესთან წააგო და ასპარეზობა დაასრულა. დიმიტრი გოგლიჩიძემ თბილისის გრანდ სლემი უკრაინელი სერგეი კრიჩაჩის ძლევით დაიწყო, მაგრამ მერე უზბეკ შაროფიდინ ბოლტაბოევთან დამარცხდა, ხოლო ლევან გუგავამ პირველივე შეხვედრაში განიცადა მარცხი მოლდოველი ვიქტორ სტერპუს წინააღმდეგ.

დღესვე ქალთა შორის სამი წარმომადგენელი გვყავდა, მაგრამ სამივე პირველი წრეში დამარცხდა. 63 კგ წონით კატეგორიაში რეგინა უთნელიშვილმა ფრანგ მანონ დეკეტერთან და მარიამ ტყეშელაშვილმა ნიდერლანდელ გეკე ვან დენ ბერგთან განიცადა მარცხი, ხოლო 70 კგ წონით კატეგორიაში ინდირა სილაგაძე ბრაზილიელ ლუანა კარვალიოსთან დამარცხდა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრების აქტივში 8 მედალია - 2 ოქრო (თემურ ნოზაძე და ლაშა შავდათუაშვილი), 3 ვერცხლი (გიორგი სარდალაშვილი, გიორგი თუთაშვილი და ტატო გრიგალაშვილი), 3 ბრინჯაო (ვაჟა მარგველაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი და გიორგი ტერაშვილი). აქვე გეტყვით, რომ 5 ივნისს, ბოლო საშეჯიბრო დღეს ტატამიზე 14 ქართველი ძიუდოისტი გავა.

0.212395