ჩოგბურთი

1:47 | 4.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

როლან გაროსის მე-14 ტიტულისთვის ნადალი რუუდს შეხვდება

საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა ფინალში ერთმანეთს რაფაელ ნადალი და ნორვეგიელი კასპერ რუუდი დაუპირისპირდებიან. რუუდმა 3-6, 6-4, 6-2, 6-2 მოუგო ხორვატ მარინ ჩილიჩს, ნადალს კი მეტოქე, გერმანელი ალექსანდერ ზვერევი დაუშავდა, როცა ანგარიში 7-6(8), 6-6 იყო ესპანელის სასარგებლოდ.

ნადალის და ზვერევის შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. მეტოქეებმა ამ დროში რამდენჯერმე გაცვალეს ბრეიკები, რამდენჯერმე კი სეტ პოინტებიც გაქვითეს. ბრძოლის დაძაბულობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ სამ საათში მათ ორი სეტის დასრულებაც კი ვერ შეძლეს.

სამწუხაროდ, ეს შესანიშნავი შეხვედრა, ზვერევის ტრავმის გამო შეწყდა. მას მარჯვენა ფეხი გადაუბრუნდა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. ექიმების დახმარების შემდეგ, მეტოქეები კორტზე ერთად დაბრუნდნენ (ზვერევი ყავარჯნებით) და მაყურებელს მადლობა გადაუხადეს.

„ძალიან სამწუხაროა. ის წარმოუდგენლად კარგად თამაშობდა. ეს ურთულესი შეხვედრა იყო. სამ საათზე მეტი გავატარეთ კორტზე და ორი სეტის დასრულებაც ვერ მოვასწარით. რა თქმა უნდა, როლან გაროსის ფინალში გასვლა ოცნებაა, მაგრამ როცა მიზანს ასე აღწევ, ძნელია. მისი ცქერა ძალიან რთული მომენტი იყო“, - განაცხადა ნადალმა, ვისაც სწორედ ამ დღეს, 36 წელი შეუსრულდა.

ზვერევმა თამაში კარგად დაიწყო, მალევე მიაღწია ბრეიკს, მაგრამ როდსაც ანგარიში 4-2 იყო გერმანელის სასარგებლოდ, ნადალმა ზედიზედ სამი გეიმი მოიგო. მერე ზვერევმა სამი სეტ პოინტი მოიგერია და სეტი ტაიბრეიკზე გადაიყვანა. აქაც თავიდან ის დაწინაურდა - 6-2. მაგრამ ნადალმა აქაც ივარგა, ოთხი სეტ პოინტი მოიგერია სეტი, რომელიც 91 წუთს გაგრძელდა, თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტიც დაახლოებით მსგავსი სცენარით წარიმართა. ზვერევი 5-3 იგებდა და სეტ პოინტებიც ჰქონდა, მაგრამ ისევ ვერ გამოიყენა. მან ერთ გეიმში სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა, რითაც კარგად ისარგებლა ნადალმა და ანგარიში გაათანაბრა. მერე კი მოხდა ის, რის გამოც, თამაში ნაადრევად შეწყდა...

0.141072