თბილისის გრანდ სლემმა სტარტი აიღო, რომელშიც 39 ქართველი ძიუდოისტი გამოვა, ხოლო პირველ საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში 14 მათგანი ჩაერთო და ხუთმა მედალი მოიპოვა.
60 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა, რომელშიც გიორგი სარდალაშვილი თემურ ნოზაძეს გაეჯიბრა და გამარჯვება ნოზაძემ მოიპოვა. სარდალაშვილმა ფინალამდე ფრანგი რიშარ ვეგნე და აზერბაიჯანელი ტურან ბაირამოვი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ლუხუმ ჩხვიმიანს აჯობა. თავის მხრივ, ჩხვიმიანმა ნახევარფინალამდე საუდის არაბეთის წარმომადგენელი მოჰამედ ფალატა, ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჩე ადამიანი და უკრაინელი ბეკირბეკ მორგოიევი დაამარცხა. ლუხუმი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლა, მისი მეტოქე კი იაპონელი გენკი კოგა იყო, რომელთანაც დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.
თემურ ნოზაძემ იტალიელი მარიო პეტროზინო, იაპონელი გენკი კოგა და აზერბაიჯანელი როვშან ალიევი დაამარცხა, ფინალში კი როგორც ვთქვით, გიორგი სარდალაშვილს აჯობა. აღსანიშნავია, რომ ნოზაძემ თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო. ამავე წონაში ასპარეზობდა ირაკლი კუპატაძე, რომელმაც ავსტრიელ დანიელ ლეუტგებთან მოიგო, მაგრამ შემდეგ აზერბაიჯანელ როვშან ალიევთან დამარცხდა და მედალი ვერ მოიპოვა.
66 კგ წონით კატეგორიაში ფინალში იყო გიორგი თუთაშვილი, რომელმაც რუმინელი ლუსიან დუმიტრესკუ, ესპანელი ალბერტო გაიტერო მარტინი და აზერბაიჯანელი იბრაჰიმ ალიევი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ქართველი ვაჟა მარგველაშვილი დაამარცხა და ფინალში ასე გავიდა, სადაც მოლდოველ დენის ვერიუს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ტრავმის გამო ვერ იბრძოლა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
თავის მხრივ, მარგველაშვილმა ნახევარფინალში წაგებამდე ყაზახი დასტან შაიახმეტოვი და უზბეკი მუხრიდინ ტილოვოვი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლისთვის ვაჟას მეტოქე ბრაზილიელი ვილიან ლიმა იყო, რომელსაც იპონით მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. 66 კგ წონაში პირველივე წრეში დამარცხდა საბა კაპანაძე ყირგიზ საბა კაპანაძესთან, ხოლო ლაშა ნადირაძემ იაპონელ რიომა ტანაკასთან იწვნია მარცხი და ორივემ ასპარეზობა დაასრულა.
ქალთა შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ეთერ ლიპარტელიანმა, რომელმაც 57 კგ წონით კატეგორიაში სასტარტო შეხვედრაში დარია ბილოდიდი დაამარცხა, 14-წუთიან მარათონულ ბრძოლაში, ხოლო მერე ყაზახ სევარა ნიშანბაიევას აჯობა. ეთერი ნახევარფინალში სამხრეთკორეელ მიმი ჰუჰთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის იტალიელ ვერონიკა ტონიოლოს შეხვდა, იმარჯვა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.
ამავე წონაში ნინო წიკლაურმა თურქმენი გოზელ ნოვრუზოვა დაამარცხა, ხოლო მეორე წრეში გერმანელ პაულინ შტარკესთან წააგო და თბილისის გრანდ სლემი დაასრულა, ხოლო გვანცა მჭედლიშვილი პირველივე წრეში მიმი ჰუჰთან დამარცხდა.
48 კგ წონით კატეგორიაში ნატალია ყიფშიძემ პირველივე შეხვედრა წააგო გერმანელ კატარინა მენცთან, ისევე, როგორც 52 კგ წონით კატეგორიაში მარიამ ლაფაჩიშვილი ისრაელის წარმომადგენელ რაზ კაფრისთან დამარცხდა. ამავე წონაში მარი მახარაშვილმა საუდის არაბეთის ნაკრების წევრი ჰესა ალმელაიკი დაამარცხა, ხოლო მეორე წრეში ამერიკელ ანგელიკა დელგადოსთან წააგო და ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებს თბილისის გრანდ სლემზე პირველ საშეჯიბრო დღეს 5 მედალი აქვს - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.