ძიუდო

15:30 | 3.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის გრანდ სლემი: 3 ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ერთ წონაში ფინალი ქართულია

თბილისის გრანდ სლემმა სტარტი აიღო, რომელშიც 39 ქართველი ძიუდოისტი გამოვა, ხოლო პირველ საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში 14 მათგანი ჩაერთო.

60 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგება, რომელშიც გიორგი სარდალაშვილი თემურ ნოზაძეს გაეჯიბრება. სარდალაშვილმა ფრანგი რიშარ ვეგნე და აზერბაიჯანელი ტურან ბაირამოვი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ლუხუმ ჩხვიმიანს აჯობა. თავის მხრივ, ჩხვიმიანმა ნახევარფინალამდე საუდის არაბეთის წარმომადგენელი მოჰამედ ფალატა, ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჩე ადამიანი და უკრაინელი ბეკირბეკ მორგოიევი დაამარცხა. ლუხუმი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, მისი მეტოქე კი იაპონელი გენკი კოგა იქნება.

ფინალშია თემურ ნოზაძეც, რომელმაც იტალიელი მარიო პეტროზინო, იაპონელი გენკი კოგა და აზერბაიჯანელი როვშან ალიევი დაამარცხა. ამავე წონაში ასპარეზობდა ირაკლი კუპატაძე, რომელმაც ავსტრიელ დანიელ ლეუტგებთან მოიგო, მაგრამ შემდეგ აზერბაიჯანელ როვშან ალიევთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

66 კგ წონით კატეგორიაში ფინალშია გიორგი თუთაშვილი, რომელმაც რუმინელი ლუსიან დუმიტრესკუ, ესპანელი ალბერტო გაიტერო მარტინი და აზერბაიჯანელი იბრაჰიმ ალიევი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ქართველი ვაჟა მარგველაშვილი დაამარცხა და ფინალში ასე გავიდა, სადაც მოლდოველ დენის ვერიუს შეხვდება.

თავის მხრივ, მარგველაშვილმა ნახევარფინალში წაგებამდე ყაზახი დასტან შაიახმეტოვი და უზბეკი მუხრიდინ ტილოვოვი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლისთვის ვაჟას მეტოქე ბრაზილიელი ვილიან ლიმა იქნება. 66 კგ წონაში პირველივე წრეში დამარცხდა საბა კაპანაძე ყირგიზ საბა კაპანაძესთან, ხოლო ლაშა ნადირაძემ იაპონელ რიომა ტანაკასთან იწვნია მარცხი და ორივემ ასპარეზობა დაასრულა.

ქალთა შორის ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს ეთერ ლიპარტელიანს, რომელმაც 57 კგ წონით კატეგორიაში სასტარტო შეხვედრაში დარია ბილოდიდი დაამარცხა, 14-წუთიან მარათონულ ბრძოლაში, ხოლო მერე ყაზახ სევარა ნიშანბაიევას აჯობა. ეთერი ნახევარფინალში სამხრეთკორეელ მიმი ჰუჰთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის იტალიელ ვერონიკა ტონიოლოს შეხვდება.

ამავე წონაში ნინო წიკლაურმა თურქმენი გოზელ ნოვრუზოვა დაამარცხა, ხოლო მეორე წრეში გერმანელ პაულინ შტარკესთან წააგო და თბილისის გრანდ სლემი დაასრულა, ხოლო გვანცა მჭედლიშვილი პირველივე წრეში მიმი ჰუჰთან დამარცხდა.

48 კგ წონით კატეგორიაში ნატალია ყიფშიძემ პირველივე შეხვედრა წააგო გერმანელ კატარინა მენცთან, ისევე, როგორც 52 კგ წონით კატეგორიაში მარიამ ლაფაჩიშვილი ისრაელის წარმომადგენელ რაზ კაფრისთან დამარცხდა. ამავე წონაში მარი მახარაშვილმა საუდის არაბეთის ნაკრების წევრი ჰესა ალმელაიკი დაამარცხა, ხოლო მეორე წრეში ამერიკელ ანგელიკა დელგადოსთან წააგო და ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს თბილისის გრანდ სლემზე პირველ საშეჯიბრო დღეს 2 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს, ხოლო 3 ძიუდოისტი ფინალშია, რითაც მინიმუმ 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი უკვე გაიფორმეს. ეს იმიტომ, რომ ერთ წონაში ფინალი ქართულია. ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112187