ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იასენ პეტროვმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ბულგარელი და მაკედონიელი ფეხბურთელები სხვადასხვა დონეზე თამაშობენ და ფრე მისაღები შედეგია. მან ასევე თქვა, რომ საქართველოს ნაკრებთან აუცილებლად უნდა მოიგონ.
„ბევრი ფიქრობდა, რომ გამარჯვება სავალდებულო იყო, მაგრამ თქვენ იცით, რომ მე ყოველთვის რეალისტურად ვუყურებ ყველაფერს და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენი და მათი ფეხბურთელების ამჟამინდელი მდგომარეობა, ვინ სად თამაშობს და ა.შ, გამარჯვება სავალდებულო არ იყო. ეს ვიცით და აზრს ვერ ვხედავ ამის შესახებ ყოველ ჯერზე კომენტარი გავაკეთო.
ამიტომ, მგონია, რომ ფრე მისაღები შედეგია. ახლა ენერგია უნდა აღვიდგინოთ და რა თქმა უნდა, სამ დღეში, სალაპარაკო არაფერია, უნდა გავიდეთ მოედანზე და პირველი ადგილის შანსის შესანარჩუნებლად საქართველო დავამარცხოთ. შემდეგ გიბრალტარსა და საქართველოში მივდივართ. ეს ნიშნავს, რომ განრიგი რთულია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ კარგი შედეგის მისაღებად“, - თქვა პეტროვმა.
შეგახსენებთ, ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებთან მატჩი 5 ივნისს, რაზგრადში გაიმართება.